ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი მილიარდერი ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის, Amazon-ის $1 მილიარდის ღირებულების აქციების გაყიდვას გეგმავს. წყაროს მიერ ამერიკული მედიასააგენტოსთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბეზოსს ამჯერად 8-დან 10 მილიონამდე აქციის გასხვისება სურს.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, Amazon-ის აქციათა ფასი საფონდო ბირჟაზე სავაჭრო დღის ბოლოსთვის 1.5%-ით შემცირდა. ცნობისათვის, ჯეფ ბეზოსმა Amazon-ის აქციები გასულ კვირასაც გაყიდა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, გასულ კვირას გასხვისებული აქციების ღირებულება $240 მილიონს შეადგენდა და ტრანზაქციის მიზნობრიობა არამოგებიანი ორგანიზაციებისათვის კონტრიბუციად დაკვალიფიცირდა. თუმცა კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.
ამერიკული Forbes-ის მილიარდერთა სიის თანახმად, კონკრეტულ მომენტში ჯეფ ბეზოსი $166.6 მილიარდი დოლარით მსოფლიოში მესამე ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსს იკავებს. Bloomberg-ის მონაცემებით, ბეზოსი Amazon-ის 988 მილიონ აქციას და, შესაბამისად, კომპანიის 10%-იან წილს ფლობს.
ცნობისათვის, 2021 წელს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დატოვების შემდეგ, ჯეფ ბეზოსმა საქველმოქმედო-ფილანთროპიული საქმიანობა გაზარდა. გარდა ამისა, მისივე ინფორმაციით, ის ყოველწლიურად $1 მილიარდის ღირებულების Amazon-ის აქციებს საკუთარი კოსმოსური ხომალდის სტარტაპის, Blue Origin-ის დასაფინანსებლად ყიდის.