Forbes: F1-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები

Forbes: F1-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტები

Red Bull-ის ნიდერლანდელმა პილოტმა მაქს ფერსტაპენმა ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე დომინანტური სეზონი დაასრულა – 22 რბოლაში მოპოვებული რეკორდული 19 გამარჯვება და ვადაზე ადრე, 7 ოქტომბერს გაფორმებული მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. შესაბამისად, გასაკვირიც არაა, რომ ფორმულა 1-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგსაც სწორედ 26 წლის სპორტსმენი ლიდერობს.

ფერსტაპენმა, რომელიც მიმდინარე სეზონში მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ უკვე მესამედ გახდა, Forbes-ის შეფასებით, $70 მილიონის გამომუშავება მოახერხა. მეორე წელია, რაც ნიდერლანდელი რეიტინგში უსწრებს Mercedes-ის პილოტ ლუის ჰამილტონს, რომელიც ათი წლის განმავლობაში Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ათლეტების რეიტინგშიც გვხვდებოდა. სამაგიეროდ, მიმდინარე წელს ფერსტაპენმა ყველაზე მაღალშემოსავლიან 25 წლამდე სპორტსმენებს შორის მესამე ადგილი მოიპოვა.

2023 წელს ლუისმა $55 მილიონი გამოიმუშავა – წმინდად ხელფასის სახით – ფერსტაპენის შემთხვევაში გამომუშავებული $70 მილიონიდან $45 მილიონი ხელფასზე, დანარჩენი კი ბონუსებზე მოდიოდა. ცნობისთვის, 38 წლის ბრიტანელი პილოტი ფორმულა 1-ის ისტორიაში ერთადერთია მიხაელ შუმახერთან ერთად, რომელიც შვიდჯერ გახდა ჩემპიონი, თუმცა წელს პოდიუმზე ასვლა მხოლოდ ექვსჯერ შეძლო – ყველაზე დაბალი შედეგი 2013 წლის სეზონის შემდეგ.

Forbes-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების რეიტინგში ჰამილტონს Aston Martin-ის წარმომადგენელი, ესპანელი ფერნანდო ალონსო მოსდევს ($34 მილიონი), ხუთეულს კი ფერსტაპენის თანაგუნდელი სერხიო პერესი ($26 მილიონი) და Ferrari-ის პილოტი შარლ ლეკლერი ($19 მილიონი) ასრულებენ. საერთო ჯამში, ფორმულა 1-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტის შემოსავალმა დაახლოებით $258 მილიონს მიაღწია, რაც 2022 წლის $264 მილიონთან შედარებით მცირედით ნაკლებია.

აღსანიშნავია, რომ ფორმულა 1-ის პილოტების უმეტესობა დიდ ყურადღებას არ აქცევს გარიგებებს, რომლებიც უშუალოდ მათ კლუბს ან სპონსორს არ უკავშირდება. როგორც წესი, პილოტები ვალდებულნი არიან, გამოჩნდნენ თავიანთი გუნდისა და გუნდის პარტნიორების სახელით, თუმცა მათი უმეტესობა პირადი სპონსორების ძიებაში დიდ ძალისხმევას არ ხარჯავს. აქედან გამომდინარე, მხოლოდ რამდენიმე მათგანს აქვს ტრასის გარეთ $1 მილიონზე მაღალი შემოსავალი. ერთ-ერთი მათგანი ჰამილტონია, $10 მილიონით. ფერსტაპენის მიერ ტრასის გარეთ გამომუშავებული თანხა $4 მილიონს აღწევს, თუმცა ეს რიცხვები რეიტინგში გათვალისწინებული არაა.

ამის მიუხედავადაც, სპორტის პოპულარობა ბოლო პერიოდში საკმაოდ სწრაფად იზრდება, ფორმულა 1-ში ინვესტიციებით დაინტერესება მატულობს ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახლო აღმოსავლეთიდან. Forbes-ის შეფასებით, მიმდინარე წელს ფორმულა 1-ის 10 წამყვანი გუნდის შემოსავალი საშუალოდ $380 მილიონს მიაღწევს, მაშინ როდესაც 2018 წელს გუნდები საშუალოდ $220 მილიონს გამოიმუშავებდნენ.

ფორმულა 1-ის 2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი პილოტების ათეული:

პილოტიგუნდიშემოსავალიხელფასიბონუსიქვეყანა
მაქს ფერსტაპენიRed Bull Racing$70 მლნ$45 მლნ$25 მლნნიდერლანდები
ლუის ჰამილტონიMercedes$55 მლნ$55 მლნ$0 მლნგაერთ. სამეფო
ფერნანდო ალონსოAston Martin$34 მლნ$24 მლნ$10 მლნესპანეთი
სერხიო პერესიRed Bull Racing$26 მლნ$10 მლნ$16 მლნმექსიკა
შარლ ლეკლერიFerrari$19 მლნ$14 მლნ$5 მლნმონაკო
ლანდო ნორისიMcLaren$15 მლნ$5 მლნ$10 მლნგაერთ. სამეფო
კარლოს საინზიFerrari$14 მლნ$8 მლნ$6 მლნესპანეთი
ჯორჯ რასელიMercedes$9 მლნ$4 მლნ$5 მლნგაერთ. სამეფო
პიერ გასლიAlpine$8 მლნ$5 მლნ$3 მლნსაფრანგეთი
ოსკარ პიასტრიMcLaren$8 მლნ$3 მლნ$5 მლნავსტრალია