„ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

6 დეკემბერს „ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულების საფუძველზე „ალტე უნივერსიტეტში“ Forbes-ის კლუბი დაფუძნდა.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტმა, რამაზ კუკულაძემ და Forbes Georgia-ს გამომცემელმა, მაია მირიჯანაშვილმა მოაწერეს.

Forbes-ის კლუბი საუნივერსიტეტო სივრცეში ორგანიზებას გაუწევს შეხვედრებისა და ვორკშოპების სერიას, რომელიც პროექტ 30 Under 30-ის გამარჯვებულ ახალგაზრდა ანტრეპრენიორებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, ტექ-ინოვატორებს, სხვა დარგებში აღიარებულ პროფესიონალებსა და „ალტეს“ სტუდენტებს გააერთიანებს. თანამშრომლობის მიზანია, სხვადასხვა სფეროს წარმატებულმა ლიდერებმა საუნივერსიტეტო საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ.

Forbes Club-ის პირველი შეხვედრა მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, 6 დეკემბერს გაიმართა და 30 Under 30-ის სამმა გამარჯვებულმა, „ალტე უნივერსიტეტის“ მიმდინარე კამპანიის „ცდა არ დააკლო…” ფარგლებში, საკუთარ პროფესიულ თუ ცხოვრებისეულ გამოწვევებზე ისაუბრა. მათ გაიხსენეს მომენტები, როდესაც წარმატებისთვის განსაკუთრებული ძალისხმევის გაღება  დასჭირდათ, ცდა არ დააკლეს და შედეგად მიაღწიეს იმ ყველაფერს, რის საფუძველზეც იცნობს დღეს მათ საზოგადოება. მოწვეული სპიკერები იყვნენ:

  • კახა გელაშვილი, კომპანია Smart Systems EU-ის აღმასრულებელი დირექტორი, 2023 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ტექნოლოგიების კატეგორიაში;
  • თაკო გამყრელიძე, roommate.ge-ის თანადამფუძნებელი, 2023 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ანტრეპრენიორებისა და მეწარმეობის კატეგორიაში;
  • ლიკა ოხანაშვილი, საგანმანათლებლო და საკონსულტაციო ორგანიზაცია Key Consulting-ის დამფუძნებელი და დირექტორი, 2019 წლის 30 Under 30-ის გამარჯვებული ანტრეპრენიორებისა და მეწარმეობის კატეგორიაში;

„ძალიან გვეამაყება „ალტე უნივერსიტეტში“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბიზნესგამოცემის, Forbes-ის კლუბის გახსნა, რომლის არსებობაც ჩვენს უნივერსიტეტში ნიშნავს უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენი სტუდენტებისთვის, ჩაერთონ Forbes-ისა და ჩვენი ბიზნესის სკოლის ერთობლივ პროექტებში, პირისპირ შეხვდნენ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან წამყვან კომპანიებს საქართველოში, პირველებმა გაიგონ მეტი ლოკალურად თუ საერთაშორისო დონეზე ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებით არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე.

Forbes-ის კლუბის გახსნა „ალტე უნივერსიტეტსა“ და Forbes Georgia-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილი პირველი პროექტია, რომელსაც უახლოეს მომავალში არაერთი საინტერესო ინიციატივა და აქტივობა აუცილებლად მოჰყვება”, – რამაზ კუკულაძე, „ალტე უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი.

„Forbes Club-ი სხვადასხვა ინდუსტრიაზე ზეგავლენის მომხდენ ლიდერთა პლატფორმაა. ამ საზოგადოების წევრობა ნიშნავს წვდომას პროფესიონალთა ქსელთან, სადაც ინოვაციურ იდეებს ცვლიან და ღირებულ კავშირების ამყარებენ. კლუბის წევრები სარგებლობენ „ფორბსის“ სარედაქციო გუნდის მხარდაჭერით, რათა ამა თუ იმ დარგში მათი მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შესახებ გლობალურმა აუდიტორიამ შეიტყოს“, – შოთა დიღმელაშვილი, Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი.