აშშ-ის ჯანდაცვის მთავარ კონფერენციაზე, Johnson & Johnson-მა და Merck-მა კიბოს თერაპიის დეველოპერების შეძენის გეგმები გაასაჯაროვეს. საერთო ჯამში, ორშაბათს კონფერენციაზე დაანონსებული გარიგებების ღირებულება $6 მილიარდს სცდება. მათ შორისაა სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელი Boston Scientific-იც, რომელიც Axonics-ის შეძენას აპირებს.
J&J-ისა და Ambrx Biopharma-ს პოტენციური გარიგების ღირებულება $2 მილიარდია. კიბოს თერაპია, რომლის შეძენასაც Johnson & Johnson-ი გეგმავს, ანტისხეულების წამლის კონიუგატების (ADC) სახელითაა ცნობილი. რაც შეეხება Merck-ს, კომპანია $680 მილიონად კიბოს წამლის დეველოპერ Harpoon Therapeutics-ის შეძენას აპირებს. გარიგების საშუალებით, მის მფლობელობაში გადავა ადრეული სტადიის იმუნოთერაპია, რომელიც ფილტვის კიბოსა და მრავლობითი მიელომის სამკურნალოდ გამოიყენება.
ორშაბათს დაანონსებული ყველაზე მსხვილი გარიგება კი სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებელ Boston Scientific-ს ეხება. კომპანიას სურს, Axonics-ი $3.7 მილიარდად შეიძინოს. გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, Boston Scientific-ი წვდომას მიიღებს შარდის ბუშტის ფუნქციის გასაუმჯობესებლად განკუთვნილ მოწყობილობებზე.
მონაცემთა პროვაიდერ LSEG Deals Intelligence-ის მონაცემებზე დაყრდნობით, მხოლოდ გასულ თვეში, აშშ-ში დალისტული ბიოტექნოლოგიური კომპანიების გარიგებების მოცულობამ $25 მილიარდს მიაღწია. ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ბოლო პერიოდის აქტივობა მნიშვნელოვანი გარიგებებით დატვირთულ წელში გადაიზრდება.
პანდემიის შემდგომ ბიზნესის საქმიანობის ჩვეულ რიტმში დაბრუნების ნიშანია ისიც, რომ JPMorgan-ის ჯანდაცვის კონფერენციაზე დამსწრეთა რაოდენობა 8,000-ს აღემატება. კონფერენცია სან-ფრანცისკოში იმართება და 9-დან 11 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.