LED-ნათურები დაძინებაში გვეხმარება?

LED-ნათურები დაძინებაში გვეხმარება?

თუ ახალი Boeing 787 Dreamliner-ით აზიაში მიფრინავთ, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ გზაში დაძინება შედარებით გიადვილდებათ.

სალონის განათებისათვის განკუთვნილი სინათლის გამომყოფი დიოდები – LED დაპროგრამებული იყო ტრანსკონტინენტური რეისების მგზავრთა ცირკადული რიტმის ოდნავ შეცვლის მიზნით. იმედია, ეს გაუადვილებს მგზავრებს დროის სარტყლებზე გადაფრენით გამოწვეული ორგანმიზმის დღეღამური რიტმის დარღვევის კორექტირებას.

იმის მიუხედავად, რომ LED მისი დამცველების მიერ ფართოდ იყო რეკლამირებული როგორც ენერგიის ეკონომიის გზა, მრავალმა მწარმოებელმა აღმოაჩინა, რომ ამ ჩიპების „სხვა” თვისებები – ექსპლოატაციის ხანგრძლივობა, ტექნიკური მომსახურების მიმართ დაბალი მოთხოვნები, ზუსტი კონტროლისა და კომუნიკაციის უნარები – შესაძლოა სინამდვილეში კომერციულად ყველაზე მოგებიანი აღმოჩნდეს.

მეტად საინტერესო, მოულოდნელ და უჩვეულო თვისებათაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ სპექტრის ლურჯ ნაწილში დაბალი სიმძლავრის სინათლის ზემოქმედებას ძილის მომგვრელი ჰორმონის – მელატონინის ბუნებრივი გამომუშავების შეფერხება შეუძლია; და პირიქით, სპექტრის აღნიშნული ნაწილის ბლოკირება მელატონინის მოზღვავებას იწვევს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სათანადოდ კონსტრუირებულ ნათურას შეუძლია დაძინებაში დაგეხმაროთ.

„თქვენ ცირკადული რიტმების გადაწყობა და ქცევითი რეაქციების გამოწვევა შეგიძლიათ”, – განაცხადა დოქტორმა ჯორჯ ბრეინარდმა – თომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის ჯეფერსონის სამედიცინო კოლეჯის ნეიროლოგიის პროფესორმა – და დასძინა, რომ შესაძლოა, ერთი-ორი ათწლეულის შემდეგ შეფუთვისა და სავაჭრო ნიშნის საერთო მახასიათებლებში ჯანმრთელობის მაჩვენებელიც შევიდეს.

პირველ სამომხმარებლო „ბიოლოგიურ უჩვეულო განათებებს” დაახლოებით ორ წელიწადში შეუძლია ბაზარზე გასვლა, ამბობს ფრედ მექსიკი, ერთ-ერთი დამფუძნებელი განათების მეცნიერების ჯგუფისა, რომელიც LED ნათურებზეა სპაციალიზებული.

განათების მეცნიერებამ LED-ნათურები NASA-სა და ავიაკონსტრუქტორებისათვის, ცირკადული რიტმის ზემოქმედების გამოცდის მიზნით შექმნა. ამჟამად კომპანია Google-თან ერთად მუშაობს ნათურაზე, რომელსაც სინათლე აკლდება ან ემატება ანდროიდის ტელეფონით მიახლოების მიხედვით. ბაცილების განადგურებაზე მორგებული ნათურები (ულტრაიისფერ გამოსხივებას მიკრობების დახოცვა ძალუძს) შესაძლოა ძილის მომგვრელი ნათურების შემოსვლიდან ოთხ-ხუთ წელიწადში გამოჩნდეს.

LED-ნათურების საძილე საშუალებებად გამოყენების პოტენციალს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორი: შესაძლებელია LED-ნათურების ისე დაპროგრამება, რომ სინათლეს ზუსტად საჭირო ტალღის სიგრძეებად, ფერებად და ტონებად ასხივებდეს. LED ხომ, საბოლოო ჯამში, ციფრული ნახევარგამტარია. ტრადიციული ნათურები სინათლეს ეგზოტიკური აირების ან დალუქულ ელექტრონათურებში მოთავსებული მეტალის ნაწილების გახურებით აწარმოებს: ისინი ვაკუუმის მილის 132-წლიანი ეპოქის უკანასკნელი ნარჩენებია. მათი რეგულირება ფილტრების გარდა, განათების დიზაინერთა სიბრძნეს მოითხოვს.

„LED სინათლის წყაროა, ოღონდ ზედმიწევნით რეგულირებადი წყარო”, – თქვა Enlighted-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზეჩ ჯენთრიმ, რომელიც საოფისე შენობებში ენერგიის ხარჯვასა და ფიზიკურ აქტივობაზე მონიტორინგის მიზნით, მუშაობს ტემპერატურასთან, სინათლესთან და დატვირთვის სენსორებთან LED-ების კომბინირებაზე.

კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ადამიანები სამუშაო დღეს ძირითადად მზის ამოსვლისას იწყებდნენ და დასაძინებლად დაღამების შემდეგ წვებოდნენ. მზის ჩასვლასთან ერთად ომიც კი წყდებოდა.

„სამრეწველო რევოლუციამდე ადამიანები მინდვრებში მუშაობდნენ. ღამესა და დღეს შორის რეალურად მკვეთრი დიქოტომია იყო”, – განაცხადა განათების სფეროს ცნობილმა ექსპერტმა, დონ პეიფერმა. ამ მეცნიერმა ხელი შეუწყო Lunera-ს – LED-აპარატურის კომპანიის დაფუძნებას, რომელმაც VC ფონდები Westly Group-ისგან და სხვებისგან მიიღო.

ცირკადული დარღვევები, ასევე ამით გამოწვეული შფოთვა, უძილობა და ქრონიკული დაღლილობა თანამედროვე ეპოქაში ძალიან გახშირდა. „ხელოვნური განათებით დომინირებული ცხოვრების წესით ღამის ცვლაში მუშაობა მუდმივად ისეთი სტრესის ქვეშ ყოფნას ნიშავს, როგორსაც განიცდიან მგზავრები დროის სარტყლებზე გადაფრენისას, როდესაც ორგანმიზმის დღეღამური რიტმი ირღვევა”, – ამბობს პეიფერი. საინტერესოა, რომ, როცა ედისონმა პირველი ვარვარების ნათურა შექმნა, მან ისეთი შემადგენლობა შეარჩია, რომელიც მას ვეშაპის ცხიმის ლამპის ნათების ანალოგიურ ტონს მისცემდა. „ეს სულ პირველი კაშკაშა სინათლე იყო”, – დასძინა მან.

ბაზელის უნივერსიტეტში მარტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ღამით კომპიუტერის ეკრანის ყურება ყურადღების მოკრებაში გვეხმარება, მაგრამ, ამავე დროს, ძილისადმი განწყობის შესუსტებასაც იწვევს. საჭირო გახდა დამატებითი კვლევები კომპიუტერის LED-ეკრანებთან დაკავშირებით, რომლებსაც სინათლის გაცემის დინამიკურად რეგულირება შეუძლია, რათა „ცირკადული მასინქრონიზებელი სისტემისათვის აუცილებელი სინათლის ინფორმაციის მიწოდებაში დაგვეხმაროს”.

კავშირი შესაძლოა ინტუიციური იყო, მაგრამ ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტისა და ჰარვარდის მკვლევარებმა ჯერ კიდევ 1980-იან წლებში დაიწყეს დოკუმენტებით დასაბუთება, თუ როგორი ინტენსივობის განათებას შეეუძლია მელატონინის გამომუშავების შეფერხება.

მოგვიანებით, 2001 წელს, უკვე ბრეინარდმა აღმოაჩინა, რომ გარკვეული სპექტრის ლურჯი სინათლის დაბალ სიმძლავრეებს მელატონინის გამომუშავების 50 პროცენტით შემცირება შეეძლო. მაგრამ შედეგები ამის გარდა სხვა რამეზეც მეტყველებდა. მისი დასკვნით, ადამიანის თვალი უნდა შეიცავდეს რეცეპტორებს, რომელთა ფუნქციებიც მხედველობას არ უკავშირდება. თვალი, თეორიულად ვარაუდობდა ბრეინარდი, უფრო მეტითაა დაკავებული, ვიდრე ხედვაა.

რადგან ასეთი მიგნება დოკუმენტებით არავის არასდროს დაუსაბუთებია, ბრეინარდი აცნობიერებდა, რომ ამ თეორიის წარდგენას მისი კარიერის მოსპობა შეეძლო. მისთვის საბედნიეროდ, ერთი წლის შემდეგ ამ რეცეპტორების არსებობა სხვა მკვლევარებმა დოკუმენტურად დაასაბუთეს.

პეიფერისა და სხვათა მტკიცებით, LED-ებს სხვა ღირებული თვისებებიც აქვს: საცალო მოვაჭრეები და რესტორნები მკვეთრი განათების წყალობით გაყიდვების ზრდას აფიქსირებენ. გარდა ამისა, LED-ნათურა ვარვარების ნათურის ენერგიის 1/8-ს ხარჯავს. ამერიკაში ელექტროენერგიის 21% განათებაზე მოდის, ასე რომ, ნათურების შეცვლა ენერგიის ხარჯვას შეზღუდავს.

ხოლო მათ, ვისაც LED-ნათურები არ მოსწონს და მათ მთავრობის შეთქმულებად განიხილავს, ვთხოვთ ერთ ფაქტზე დაფიქრდნენ: იმ ქალაქებისა და კომერციული შენობების მაგალითი, რომლებიც LED-ზე გადავიდნენ, გვიჩვენებს, რომ იაფი ტექნიკური მომსახურებისა და ექსპლოატაციის დიდი ვადის წყალობით, მომხმარებლის ხარჯი ნახევრდება.
მოკლედ რომ ვთქვათ,LED-ნათურები ერთიანი მართვის შენობებში კადრების მოთხოვნას ამცირებს.

იქნებ დიოდური განათებების ეპოქაში სარგებელი თითოეული ჩვენგანისათვისაც აღმოვაჩინოთ!