გაყიდული პროდუქციის რაოდენობით ყველაზე დიდმა საიუველირო მაღაზია Pandora-მ მოპოვებული ვერცხლისა და ოქროს გამოყენება შეწყვიტა. ამიერიდან კომპანია მხოლოდ გადამუშავებულ ძვირფას ლითონებს გამოიყენებს, რაც წარმოქმნილი ემისიების შემცირებაში დაეხმარება.
დანიური კომპანია, რომელიც განსაკუთრებით ცნობილი თავისი $65-დან $95-მდე ღირებულების სამაჯურებითაა, ყოველწლიურად დაახლოებით 340 ტონა ვერცხლს და ერთ ტონა ოქროს ყიდულობს. ანგარიშის თანახმად, Pandora-ს მიწოდების ჯაჭვიდან წარმოქმნილმა CO2-ის ემისიებმა 2022 წელს 264,224 ტონა შეადგინა. ახლად მოპოვებულის მაგივრად, გადამუშავებული ლითონების გამოყენება ამ მაჩვენებელს ყოველწლიურად 58 ათასი ტონით შეამცირებს.
თუმცა გადამუშავებული ლითონების მიწოდების პროცესი გარკვეულ რისკთანაცაა დაკავშირებული. ამ დროს შესაძლოა მოპარული ოქროც იქნას გაყიდული, რომლის წარმომავლობის დადგენაც დნობის შემდგომ თითქმის შეუძლებელია. რისკის შესამცირებლად, Pandora საიუველირო საბჭოს სტანდარტს იყენებს, რომელიც, მაგალითისთვის, გადასამუშავებლად ოქროს მონეტებისა და ზოდების გამოყენებას კრძალავს.
Pandora-ს ინფორმაციით, უკვე დეკემბერშივე, წარმოებაში სრულად გადამუშავებული ვერცხლი და ოქრო იქნა გამოყენებული. ცვლილებებისთვის კომპანია ყოველწლიურად დაახლოებით $10 მილიონის ინვესტირებას ახორციელებს, რათა პროცესები პროდუქციაზე ფასების ზრდაში არ გამოიხატოს.