ისრაელის მხრიდან საპასუხო სამხედრო შეტევის დაწყებიდან თითქმის ხუთი თვის თავზე, ღაზაში დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 30 ათასს აჭარბებს. უახლესი მონაცემები „ჰამასის“ მიერ მართულმა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელ-„ჰამასის“ ომის დაწყების დღიდან, ღაზაში ჯამში 30,035 ადამიანია დაღუპული. 70,457 პალესტინელი კი თავდასხმების დროს დაშავდა. ბოლო ხუთ თვეში დაღუპულთა რიცხვი ღაზის 2.3-მილიონიანი მოსახლეობის დაახლოებით 1.3%-ს შეადგენს. ყოველდღიური განახლების თანახმად, მხოლოდ ბოლო 24 საათში ღაზაში 81 ადამიანი დაიღუპა.
არსებულმა ჰუმანიტარულმა მდგომარეობამ კი სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დაამძიმოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელის პრემიერ ნეთანიაჰუს გადაწყვეტილებით, სამხრეთ სასაზღვრო ქალაქ რაფაჰზე შეტევები ძლიერდება. „ჰამასის“ კონტროლის ქვეშ არსებული სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს ღაზაში შიმშილობაზე, რომელიც ყოველდღიურად კიდევ უფრო მწვავდება.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა უმრავლესობა ქალი და ბავშვია. ცნობისთვის, სამინისტროს მონაცემები დაღუპულებში მებრძოლებსა და მშვიდობიან მოსახლეობას ერთმანეთისგან არ განასხვავებს. თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, სამხედრო დაპირისპირების შემდეგ “ჰამასის” დაღუპულ მებრძოლთა რაოდენობა 10,000-ს აღწევს.