მედიასააგენტო Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთსა და ნიდერლანდებს სანქციათა პაკეტის მიღება სურთ, რომელიც რუსეთის არმიისთვის იარაღის საწარმოებლად პროდუქციის ან ტექნოლოგიების შეძენაში დამხმარე ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტს დაეკისრება. ორი ევროპული ქვეყნის ინიციატივით სანქციები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მყოფ ამგვარ ფინანსურ ინსტიტუტზე უნდა გავრცელდეს.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა 13 პაკეტი მიიღეს. მიუხედავად ამისა, რუსეთი მესამე ქვეყნებისა თუ ორმაგი დანიშნულების პროდუქციის გამოყენებით, აღნიშნული სანქციებისათვის გვერდის ავლას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს. არსებული აკრძალვები რუსეთისათვის ორმაგი გამოყენების პროდუქციისა და ტექნოლოგიების მიყიდვას კრძალავს, რასაც შესაძლოა ჰქონდეს როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულება. შესაბამისად, ევროკავშირის წევრი ორი სახელმწიფოს ახალი ინიციატივის მიზანი სწორედ რუსეთის მიერ სანქციებისათვის გვერდის ავლის პრევენცია გახლავთ.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ნიდერლანდებისა და საფრანგეთის ინიციატივას დღეს განიხილავენ. ცნობისთვის, ევროკავშირი რუსეთის სანქციების ახალ, მე-14 პაკეტს ამზადებს. შესაძლოა, ინიციატივა სწორედ აღნიშნული პაკეტის ფარგლებში განხორციელდეს. შეთავაზების თანახმად, რუსეთისათვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა და ტექნოლოგიების შესყიდვაში დახმარების ბრალდებით იდენტიფიცირებულ ფინანსურ ინსტიტუტებს ევროკავშირში საქმიანობა სრულად აეკრძალებათ.
ამგვარი შეზღუდვები ყველაზე ეფექტიანი ახლოაღმოსავლური, თურქული და ჩინური ფინანსური ინსტიტუტების წინააღმდეგ შეიძლება აღმოჩნდეს, რომელთაც რუსეთისთვის დახმარების შემთხვევაში პოტენციურად ევროპულ ბიზნესებსა და ევროკავშირის ფინანსურ ბაზრებთან წვდომა შეეზღუდებათ.