აშშ-ის ოფიციალური პირების ინფორმაციით, თეთრი სახლი უკრაინას $2.3 მილიარდის ღირებულების სამხედრო პაკეტს გადასცემს. ამერიკის შეერთებული შტატების ახალი დახმარების პაკეტი მოიცავს სამხედრო აღჭურვილობას, რომელსაც უკრაინა პენტაგონის მარაგებიდან მიიღებს და საჰაერო თავდაცვის იარაღის გრძელვადიან კონტრაქტებს Lockheed Martin Corp.-სა და RTX Corp.-თან.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი პაკეტი დაამტკიცა, რადგან ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს უკრაინის დაცვას რუსეთის შემოჭრისგან“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა ჟურნალისტებთან.
აშშ-ის მიერ დამტკიცებული სამხედრო პაკეტიდან $150 მილიონი უშუალოდ იარაღზე მოდის, ხოლო უდიდესი წილი – $2.1 მილიარდი „უკრაინის უსაფრთხოების დახმარების ინიციატივის“ ფარგლებში Lockheed-სა და RTX-თან გრძელვადიან კონტრაქტებზე გადანაწილდება. ახალი კონტრაქტებით, აშშ უკრაინისთვის უფრო მეტ Patriot-ის რაკეტებსა და NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის დამჭერებს შეიძენს. მიწოდების დასაჩქარებლად კი, ომში მყოფ ქვეყანას დახმარება სამხედრო გაყიდვების შეთანხმებების ფარგლებში გადაეცემა.
გასულ თვეში თეთრმა სახლმა კონტრაქტორებს მოუწოდა, Patriot-ისა და NASAMS-ის რაკეტების მოკავშირეებისთვის მიწოდება გადაევადებინათ, და სანაცვლოდ აღჭურვილობა უკრაინისთვის გადაეგზავნათ. სამხედრო დახმარებით, აშშ-ს სურს, რუსეთის საჰაერო თავდასხმების ფონზე უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობები გააძლიეროს.