"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

ღვინის ექსპორტით საქართველო მსოფლიოში მე-19 ადგილზეა

2 (31)

2023 წელს საქართველომ ექსპორტირებული ღვინის ღირებულებით მსოფლიოში მე-19 ადგილი დაიკავა. 2022 წელსაც საქართველო მე-19 ადგილზე იყო, ხოლო 2021 წელს მე-18 ადგილს იკავებდა.

სტატიაში ღვინის ექსპორტზე ინფორმაციის წყარო The World Factbook-ია, რომელიც ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მონაცემებს ეფუძნება.

2023 წელს საქართველომ 259 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე, რაც 2.6%-ით მეტია 2022 წლის ღვინის ექსპორტზე. 2023 წელს მსოფლიოში სულ 39 მილიარდი დოლარის ღვინის ექსპორტი განხორციელდა. შესაბამისად, საქართველოს წილი მსოფლიო ექსპორტში 0.7% იყო.

საქართველოს ღვინის ექსპორტი სწრაფად 2013-2014 წლებში გაიზარდა, როდესაც რუსეთმა ქართული ღვინის შეტანა დაუშვა. 2013-2014 წლებში ღვინის ექსპორტი თითქმის გასამმაგდა. თუმცა 2015 წელს რუსეთის ეკონომიკური კრიზისის გამო ღვინის ექსპორტი განახევრდა, 2016-2019 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა. 2020-ში კი პანდემიის გამო შემცირდა. 2021-2023 წლებში ისევ ზრდის ტენდენციას დაუბრუნდა.

2023 წელს საქართველომ ღვინო სულ 66 ქვეყანაში გაიტანა. ყველაზე მეტი – 168 მლნ დოლარის – რუსეთში გაიტანა, რაც ჯამური ექსპორტის 65%-ია. მეორე ადგილზე პოლონეთი იყო, სადაც 15 მლნ დოლარის ქართული ღვინო გაიყიდა. შემდეგ მოდის უკრაინა 14.5 მლნ დოლარით, ჩინეთი 11.7 მლნ დოლარით, ყაზახეთი 9 მლნ დოლარით, ბელარუსი 8 მლნ დოლარით და აშშ 5.6 მლნ დოლარით.

საქართველოს ღვინის ექსპორტი, მლნ დოლარი

წყარო: საქსტატი

მოცულობის მიხედვით, 2023 წელს საქართველომ ექსპორტზე 90 ათასი ტონა ღვინო გაიტანა, რაც 12%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე. მოცულობის შემცირების მიუხედავად შემოსავლის ზრდა ღვინის საშუალო ფასის მატებამ განაპირობა. 2023 წელს რუსეთში 62 ათასი ტონა გავიდა, რაც მთლიანი ექსპორტის 70%-ია. პოლონეთში 6 ათას ტონამდე ღვინო გავიდა, უკრაინაში – 5.2 ტონა, ჩინეთში კი 3.2 ათას ტონამდე.

ღვინის ექსპორტით ლიდერი ქვეყნები

The World Factbook-ის მონაცემებით, 2023 წელს ღვინის ექსპორტით მსოფლიოში პირველ ადგილზე საფრანგეთი იყო, რომელმაც საზღვრებს გარეთ 13 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთს ღვინის მსოფლიო საექსპორტო ბაზრის 33.3% უჭირავს. მეორე ადგილზე იტალიაა, რომელმაც ექსპორტზე 8.4 მილიარდი დოლარის ღვინო გაიტანა. საფრანგეთსა და იტალიას ერთად ღვინის მსოფლიო ექსპორტის 55% წილი უჭირავთ. მესამე ადგილზე ესპანეთია 3.2 მილიარდი დოლარის ექსპორტით. ჯამში, ევროპულ ქვეყნებზე ღვინის მსოფლიო ექსპორტის 78% მოდის.

არაევროპული ქვეყნებიდან ღვინის ყველაზე დიდ ექსპორტს ჩილე (1.9 მილიარდი დოლარი) და ავსტრალია (1.5 მილიარდი დოლარი) ახორციელებენ.

ღვინის ექსპორტის ღირებულებით საქართველოსთან ყველაზე ახლოს ლიეტუვა (247 მლნ დოლარი) და დანია (278 მლნ დოლარი) არიან.

საქართველოს გეოგრაფიული მეზობლები ღვინის წარმოებით და ექსპორტით არ გამოირჩევიან. 2023 წელს თურქეთმა 25 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა ექსპორტზე და მსოფლიოში მე-40 ადგილი დაიკავა. სომხეთმა 18 მლნ დოლარის ღვინო გაიტანა, აზერბაიჯანმა 7 მლნ დოლარის, რუსეთმა კი 3 მლნ დოლარის.

ღვინის ექსპორტიორი ტოპ-20 ქვეყანა, 2023 წელი

 ქვეყანამლნ აშშ დოლარი
1საფრანგეთი12,942
2იტალია8,403
3ესპანეთი3,179
4ჩილე1,527
5ავსტრალია1,392
6ახალი ზელანდია1,292
7აშშ1,226
8გერმანია1,146
9პორტუგალია1,003
10არგენტინა652
11ბელგია625
12გაერთიანებული სამეფო624
13სამხრეთი აფრიკა620
14სინგაპური610
15ნიდერლანდები543
16ჰონგ-კონგი373
17ავსტრია280
18დანია278
19საქართველო259
20ლიეტუვა247

წყარო: The World Factbook, CIA

გააზიარე