ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Meta-ს კვარტალური მოგება გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 73%-ით გაიზარდა და ანალიტიკოსთა მოლოდინსაც გადააჭარბა. FactSet-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Meta-ს მოგებამ $13.5 მილიარდი შეადგინა.
რაც შეეხება კვარტალურ შემოსავლებს, Meta-მ მეორე კვარტალში, $39.1 მილიარდით, ანალიტიკოსთა $38.3-მილიარდიანი მოლოდინიც გააუმჯობესა. ამავე პერიოდში, კომპანიის მოგებამ თითო აქციაზე $5.16 შეადგინა, როდესაც ანალიტიკოსები აქციაზე მხოლოდ $4.72-ის მოგების მიღებას ვარაუდობდნენ.
თავად კომპანია მესამე კვარტალში $38.5-$41-მილიარდიანი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს. გარდა ამისა, Meta-ს პროგნოზით, წლიურ ჭრილში კომპანიის მთლიანი ხარჯები $96-დან $99 მილიარდამდე იქნება, ხოლო კაპიტალური დანახარჯები $37-$40 მილიარდამდე გაიზრდება.
შედეგების გამოქვეყნების შემდეგ Meta-ს აქციების ღირებულება 5%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური ბაზრის ვარდნის ფონზე, ბოლო სამი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 10%-ზე მეტითაა შემცირებული.
თუმცა ამის პარალელურად Reality Labs-ის კვარტალურმა ზარალმა, რომელიც „მეტავერსსაც“ მოიცავს, $4.5 მილიარდი შეადგინა. ეს არის კვარტალური ზარალის რეკორდული მაჩვენებელი, რომელიც 2021 წელს, განყოფილების შექმნის შემდეგ დაფიქსირდა.
Meta-დ გადაკეთების მიუხედავად, რის შემდეგაც კომპანია უმეტესად ვირტუალური და გაფართოებული რეალობის მიმართულების განვითარებაზე გადაერთო, მისი შემოსავლების უმეტესი ნაწილი მაინც სოციალურ მედიაზე მოდის. Meta-ს აპლიკაციები, როგორიცაა Facebook-ი, Instagram-ი და WhatsApp-ი, მთლიანი გაყიდვების 99%-ს შეადგენს.