სამი წლის წინ გამოცხადებული გეგმის შესაბამისად, Microsoft-მა $60 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დააანონსა. გარდა ამისა, ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია კვარტალური დივიდენდის 10%-ით გაზრდასაც გეგმავს.
Microsoft-ის განცხადებით, 21 ნოემბრის მდგომარეობით, აქციონერები კვარტალურ დივიდენდს აქციაზე 83 ცენტის ოდენობით მიიღებენ, ნაცვლად არსებული 75 ცენტისა. აქციების გამოსყიდვის ხელშეკრულებით 2021 წელს გამოცხადებული პროგრამა შეიცვალა, რომელიც ასევე $60 მილიარდის ღირებულების იყო.
რეალურად, გამოსყიდვის ხელშეკრულება Microsoft-ის საბაზრო ღირებულების 2%-ზე ნაკლებს შეადგენს. უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ამერიკული კომპანიის აქციათა ღირებულება 31%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც ამჟამად Microsoft-ის შეფასება $3.2 ტრილიონს სცდება. Microsoft-ი საბაზრო ღირებულებით მსოფლიოში რიგით მეორეა და მხოლოდ Apple-ს ($3.29 ტრილიონი) ჩამორჩება.
Bloomberg-ის მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, 30 ივნისის მდგომარეობით, Microsoft-ს, ნაღდი ფულისა და მისი ეკვივალენტის სახით, $75.5 მილიარდი ჰქონდა. ხოლო თავისუფალი ფულადი ნაკადების მოცულობამ ფისკალურ მეოთხე კვარტალში $23.3 მილიარდი შეადგინა – 18%-ით მაღალი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.