Chevron-Hess-ის $53-მილიარდიან შეთანხმებას FTC მწვანე შუქს აუნთებს

Chevron-Hess-ის $53-მილიარდიან შეთანხმებას FTC მწვანე შუქს აუნთებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია ნავთობის ამერიკული მწარმოებლის, Chevron-ის მიერ კონკურენტი Hess-ის შესყიდვას მწვანე შუქს აუნთებს.

კომპანიების სავარაუდო შერწყმის შესახებ პირველად ერთი წლის წინ გახდა ცნობილი. თუმცა, როგორც წესი, მსგავსი შესყიდვების შესახებ თანხმობა შესაბამისმა მარეგულირებლებმა უნდა გასცენ. კონკურენციის პირობების შესწავლის შემდეგ კი, როგორც ჩანს, FTC-მ დარღვევები ვერ დაადგინა.

შესყიდვის დროში გაწელვის გამო წელს Chevron-ის აქციათა ფასი 1%-ითაა გაუფასურებული. შედარებისთვის, ენერგეტიკული სექტორის ფონდი წელს 6%-ით გაიზარდა.

მხარეებს შორის შეთანხმებას წინააღმდეგობას კონკურენტები Exxon-ი და Hess-ის გაიანელი პარტნიორი CNOOC უცხადებენ. Chevron-ი და Hess-ი მარეგულირებლისგან საბოლოო გადაწყვეტილებას 2025 წლის აგვისტოში ელიან.

Chevron-ის მიერ Hess-ის $53 მილიარდად შესყიდვა აშშ-ის ნავთობისა და ბუნებრივი აირის ინდუსტრიის ისტორიაში ერთ-ერთი მსხვილი შერწყმა იქნება. შეგახსენებთ, რომ მსგავსი გადაწყვეტილება შარშან კონკურენტმა Exxon-მაც მიიღო, როდესაც $60 მილიარდად ასევე ამერიკული Pioneer Natural Resources-ი შეისყიდა. აღნიშნული შეთანხმება მიმდინარე წლის მაისში დაიხურა.

გარდა ამისა, წელს ინდუსტრიაში კიდევ ორი მსხვილი შერწყმა განხორციელდა. Occidental Petroleum-ისა და CrownRock-ის გაერთიანება და DiamondBack Energy-სა და Endeavor Energy Resources-ის შერწყმა რამდენიმე თვის წინ დასრულდა.