აშშ ისრაელს სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს

აშშ ისრაელს სამხედრო დახმარების შეწყვეტის შესახებ აფრთხილებს

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელის მთავრობას სამხედრო დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული მდგომარეობა არ გამოსწორება. აშშ-მა ისრაელს მოთხოვნის შესასრულებლად 30-დღიანი ვადა მისცა.

მოთხოვნებს, რომლებიც აშშ-მა ისრაელს წარუდგინა, Associated Press-ი აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის მიერ ხელმოწერილ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაცია ისრაელისგან ღაზის სექტორში დღიურად 350 სატვირთოს ტრანსპორტირების უზრუნველყოფას, დამატებითი ჰუმანიტარული პაუზების დაწესებასა და ჰუმანიტარულ ობიექტებზე უსაფრთხოების გაძლიერებას ითხოვს.

Axios-ის ინფორმაციით, წარდგენილ წერილში აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა ყურადღება გაამახვილეს ქვეყნებს შორის 2024 წლის მარტში დადებულ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც ისრაელმა „თვითნებურად არ უნდა შეზღუდოს და ხელი არ შეუშალოს ღაზისთვის აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების ტრანსპორტირებას და მიწოდებას“.

ისრაელისთვის წერილის გაგზავნა უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა, ჯონ კირბიმაც დაადასტურა. კირბის შეფასებით, ისრაელისთვის მოთხოვნების წაყენება ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ აშშ-ისთვის ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაუყოვნებლივი გაუმჯობესება მნიშვნელოვანი საკითხია.

ცნობისთვის, აპრილის შემდეგ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება 50%-ითაა შემცირებული, რის გამოც ისრაელი აშშ-მა აქამდეც გააფრთხილა.