რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 308-ზე?

რა თანხა გამოიმუშავეს მებრძოლებმა UFC 308-ზე?

26 ოქტომბერს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, აბუ-დაბიში შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის UFC-ის ღონისძიება გაიმართა, სადაც ქვემსუბუქი წონის ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა ილია თოფურიამ ტიტულის დაცვის ბრძოლა გამართა. ღონისძიება ელიტურ რაიონში YAS Island-ზე, Etihad Arena-ზე ჩატარდა.

ქართველმა ჩემპიონმა ტიტული წარმატებით დაიცვა და ორგანიზაციის ისტორიაში ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი მაქს ჰოლოუეი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და სანახაობრივი ბრძოლისთვის ორგანიზაციის ბონუსიც დაიმსახურა.

სპორტული გამოცემა Sporty Salaries-ის მონაცემებით, ილია თოფურიამ აღნიშნულ საღამოს $2.44 მილიონი გამოიმუშავა. ქართველი ჩემპიონის ფინანსური მონაგარი შემდეგნაირად განაწილდა: თოფურიამ $750,000 ბრძოლისთვის, $100,000 გამარჯვებისთვის, $42,000 სპონსორებისგან, $50,000 ბონუსის სახით, $1.5 მილიონი კი სატელევიზიო შემოსავლების სახით მიიღო. ილია თოფურიას მეტოქე მაქს ჰოლოუეიმ ჯამში $1.28 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც $500,000 ბრძოლისთვის, $32,000 სპონსორებისგან, $750,000 კი სატელევიზიო შემოსავლების სახით ერგო.

ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი დაპირისპირება რობერტ უიტეკერისა და ხამზატ ჩიმაევის ორთაბრძოლა გახლდათ. ხამზატ ჩიმაევმა მეტოქე პირველ რაუნდში მახრჩობელა მოძრაობით დაამარცხა და ჯამში $1.52 მილიონი გამოიმუშავა. დამარცხებულ რობერტ უიტეკერს კი, რომელსაც ბრძოლისას ყბა დაუზიანდა, $916,000 ერგო. ღონისძიების დანარჩენი მებრძოლებიდან ყველაზე მეტი, $411,000 მაგომედ ანკალაევმა გამოიმუშავა.

ცნობისთვის, აღნიშნული რიცხვები UFC-ის ოფიციალურ მონაცემებს არ წარმოადგენს და სპორტული მედიაგამოცემა Sporty Salaries-ის ვარაუდია.