უკვე რამდენიმე დღეა, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული დემონსტრაციები მიმდინარეობს. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 11 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მეორე მოსმენით „მრავალფუნქციური კომპლექსების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა, რასაც ოპოზიციის წინააღმდეგობა მოჰყვა.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაპირისპირების დროს ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დააკავეს, რომელთა შორის ომარ სმირი, გარი კოკაია, ალმახან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია არიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან დემონსტრაცია მოჰყვა, რომელშიც დაკავებულთა ახლობლები და თანამოაზრეები მონაწილეობდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით გუმისთის ხიდიც გადაკეტეს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავების მიზეზი ოფიციალურად არ გაუჟღერებია. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაკავებები დღეს, 15 ნოემბერს დაგეგმილი მასობრივი აქციის განსამუხტად განხორციელდა.
„მრავალფუნქციური კომპლექსების სამართლებრივი სტატუსის მოწესრიგების შესახებ“ კანონი ოკუპირებულ აფხაზეთში ამ ტიპის ქონების სტატუსს განსაზღვრავს. დე ფაქტო კანონი განმარტავს, რომ „მრავალფუნქციური კომპლექსი არასაცხოვრებელი ქონებრივი კომპლექსია, რომელიც შედგება ერთი ან მეტი არასაცხოვრებელი შენობისგან, რომლებიც [თავის მხრივ] შედგება სხვადასხვა ფუნქციური მიზნებისთვის განკუთვნილი, მხოლოდ არასაცხოვრებელი ფართებისგან“. კანონი ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობისათვის მიუღებელია, რადგან ის “რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების” იმპლემენტაციისათვის ნიადაგს ამზადებს.
ცნობისთვის, დღეს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება იყო დაგეგმილი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტი რუსული ინვესტიციებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რაც რუს ბიზნესმენებს შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთში უძრავ ქონებას მასობრივად დაეუფლონ. კანონპროექტმა ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია. აფხაზები აცხადებენ, რომ მათთვის კანონი მიუღებელია და ის აფხაზეთში რუსული გავლენების გაზრდას შეუწყობს ხელს.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო კონსტიტუცია ადამიანს, რომელიც აფხაზეთის მოქალაქე არ არის, უძრავი ქონების შეძენას უზღუდავს. რუსულ-აფხაზური საინვესტიციო შეთანხმება კი სწორედ აღნიშნულ ჩანაწერს აუქმებს და რუს ბიზნესმენებს საინვესტიციოდ ხელსაყრელ გარემოს უქმნის. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორთა კომპანიები დღგ-ის გადასახადისგან ჩადებული ინვესტიციის ამოღებამდე გათავისუფლდებიან, ასევე, არ გადაიხდიან საბაჟო გადასახადს.
საკითხი მრავალი წელია ღიაა და ოკუპანტ სახელმწიფოსთან აფხაზების დაპირისპირების თითქმის ერთადერთ მიმართულებას წარმოადგენს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკური პრობლემების გამო რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის ფინანსური დახმარება გასულ წელს მინიმუმამდე შეამცირა.
ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რუსული ინვესტიციების ზრდას საფრთხედ აღიქვამს. მათი შიში აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული ბიზნესების ზრდას ეფუძნება. სწორედ ამიტომ, მოსახლეობის ნაწილი ხელშეკრულების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება.
დღეს, ხელშეკრულების რატიფიცირების პროცესის პარალელურად ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მომიტინგეები დე ფაქტო პარლამენტის ეზოში შეიჭრნენ და რატიფიცირების პროცესისთვის მოწვეული სხდომა ჩაშალეს.
პოლიტიკური მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ პროცესები რუსული სპეცსამსახურების მიერაა ორკესტრირებული და რატიფიცირების თარიღად არჩევნების შემდეგი პერიოდიც მიზანმიმართულად შეირჩა. ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ივლისში რუსულ-აფხაზურ საინვესტიციო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული „აპარტამენტების კანონი“ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობამ დე ფაქტო პარლამენტს არ მიაღებინა. აღნიშნული კანონი „მრავალფუნქციური კომპლექსების“ შესახებ კანონპროექტის მსგავსად, რუსული ინვესტიციების განხორციელებისათვის ნიადაგის მომზადებას ისახავდა მიზნად.