საფეხბურთო მეურნეობა: გორის დილას მენეჯმენტის გაკვეთილები

საფეხბურთო მეურნეობა: გორის დილას მენეჯმენტის გაკვეთილები

უმეტეს შემთხვევაში, ევროპულ ქვეყანაში საფეხბურთო კლუბის მფლობელის მხრიდან სპორტულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების მიზანი სავარჯიშო და სათამაშო პირობების შექმნაა. მსგავსი რამ შეიძლება ითქვას უშუალოდ სტადიონის რეკონსტრუქციაზეც. ამ შემთხვევაში არენის კეთილმოწყობის მიზანი თანხების მობილიზება ეროვნული ან უეფას შესაბამისი ლიცენზიის მიღებით არის განპირობებული, რათა აღნიშნულ სტადიონზე ეროვნული ან საერთაშორისო ოფიციალური მატჩების გამართვა და გულშემატკივართა მიღება იყოს შესაძლებელი. საბოლოო ჯამში, აღნიშნული მნიშვნელოვანია უკეთესი სპორტული შედეგების მისაღწევად. ეს კი საფეხბურთო ბიზნესში მოგების გაფართოების საწინდარია.  თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში, რომელსაც სათანადო კლიმატური პირობები და ინფრასტრუქტურა გააჩნია, სავარჯიშო მოედნებისა და ბაზების აშენება სხვაგვარი შემოსავლის წყაროდ შეიძლება იქცეს. მაგალითად, საკუთარი სპორტული კლუბის მიღმა, სხვა კლუბებზე გაქირავებით დამატებითი ფინანსური რესურსების მიღების საშუალებად.

როგორც ქართული, ასევე ევროპული ამბიციური კლუბების უმეტესობა, რომლებსაც სტაბილური შემოსავლები გააჩნიათ, წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში სწორედ ასეთ სავარჯიშო მოედნებსა და ინფრასტრუქტურას იყენებენ. მოსამზადებელი შეკრებისთვის ადგილის შერჩევისას რამდენიმე ფაქტორს ექცევა ყურადღება. გუნდებისთვის მხოლოდ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედნის არსებობა საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ნაყოფიერი შეკრება გაიარონ. აუცილებელია, კლიმატური პირობებიც იძლეოდეს ყოველდღიურად ინტენსიური ვარჯიშების შესაძლებლობას. ნალექიანი და ცივი ამინდის პირობებში რთულია ვარჯიშების ისე დაგეგმვა, რაც ერთის მხრივ, ფეხბურთელს საშუალებას მისცემს ფიზიკური კონდიციები მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს და მეორე მხრივ, მწვრთნელს – დახვეწოს ტაქტიკური თუ სხვა სპორტული ასპექტები, რომელიც შედეგს მოუტანს მთელი საჩემპიონო სეზონის განმავლობაში. გარდა, ამისა მნიშვნელოვანია აღდგენითი პროცესისთვის ხელშემწყობი  სხვა ბუნებრივი პირობების არსებობა.

ქართული საფეხბურთო კლუბების უმეტესობა წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში ატარებს. თუმცა, თურქეთში ასეთი შეკრების ორგანიზება ძვირია, რაც ადგილობრივ კლუბებს ისედაც მწირი შემოსავლების პირობებში მძიმე ტვირთად აწევს. მაგალითად, 2024 წელს ეროვნული ლიგის (რანგით პირველი) ათი კლუბიდან რვამ ზამთრის მოსამზადებელ პერიოდში საშუალოდ 150 ათასი დახარჯა, რაც ზოგიერთი კლუბისთვის მთლიანი დანახარჯების 10%-ზე მეტია. სხვა დანარჩენ ქართულ კლუბებს (ეროვნული და რანგით მეორე და მესამე ლიგები)  უცხოური შეკრებისთვის ფინანსური რესურსები არ გააჩნიათ და ამიტომ,  იძულებულები არიან, მოსამზადებელი ეტაპი, არც თუ ისე კარგ პირობებში, საქართველოში გაიარონ. არასათანადო შეკრება მათ სათამაშო ხარისხზე უარყოფითად აისახება.

ასეთ მოცემულობაში გამოსავალი ადგილზე საფეხბურთო მეურნეობის განვითარებაა. თუმცა, ვინ უნდა განავითაროს მოსამზადებელი საფეხბუთო მეურნეობა? – საფეხბურთო კლუბმა? ტურიზმის სფეროდან კერძო სექტორმა? თუ საბიუჯეტო ორგანიზაციამ? პასუხი ერთია – კერძო სექტორმა, რადგან ასეთი მეურნეობის მოწყობა და მართვა, სფეროს მცოდნე და კვალიფიციური მენეჯმენტის პირობებში, მომგებიანი საქმიანობაა.

საქართველოში კერძო საფეხბურთო კლუბების მხრიდან, მათი რესურსებიდან გამომდინარე, ასეთ ბიზნესში ინვესტირება შეუძლებელი მოსჩანს. მხოლოდ ერთი ასეთი საფეხბურთო მოედნის მოწყობა მილიონ ლარს აღწევს (საჭირო მინიმუმ ორია). გარდა ამისა, აუცილებელია დამხმარე შენობა-ნაგებობები, სადაც ფეხბურთელების დასაბინავებელი სივრცე და ფიტნეს ცენტრი იქნება განლაგებული. ასეთი სპორტული მეურნეობის მოწყობა კი 2.5 მლნ ლარამდე ფინანსური რესურსების აკუმულირებას მოითხოვს.

თუმცა, არსებობს სხვა გზაც. ასეთი გზის კარგი მაგალითი საფეხბურთო კლუბი „დილა გორია“.  კერძოდ, რამდენიმე წლის წინ კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გორში არსებულ სასტუმროსთან ახლოს მიწის ნაკვეთის შეეძინა და საფეხბურთო მოედანი მოეწყო. ერთი „დილამ“ საცხოვრებელი და ფიზიკური მომზადების შენობისთვის (ტრენაჟორები) თანხები დაზოგა და მეორე, მინდვრის საფარის მოწყობისთვის გაცილებით ნაკლები დახარჯა, რადგან თავად უზრუნველყო კულტივირება. მართალია ასეთ შემთხვევაში მოედნის სათამაშო კონდიციამდე მიყვანას უფრო დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ კლუბს გაცილებით ნაკლები დანახარჯი ჰქონდა, ვიდრე სხვა შემთხვევაში.

ამრიგად, „დილა გორის“ მენეჯმენტი არამხოლოდ უშუალოდ საფეხბურთო კლუბის ეფექტიანი მართვით, არამედ სპორტული ტურიზმის მიმართულებითაც წარმატებული აღმოჩნდა.  ასეთი რამ არსებულ რეალობაში დასაფასებელია, რადგან ქართული კლუბების უმეტესობას საკუთარი გუნდისთვისაც სავარჯიშო მოედანიც კი არ გააჩნია. ასეთი მოდენის მოწყობით, თავად „დილას“ მაღალი ხარისხის მინდვრის საფარზე ვარჯიშის შესაძლებლობა გააჩნია, რაც დადებითი სპორტული შედეგების ერთ-ერთი ფაქტორია და მისი სასტუმროსთან ახლომდებარეობით სხვა კლუბებისთვის წინასასეზონო შეკრებისთვის გაქირავების შესაძლებლობაც გაუჩნდა, რაც მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებასთან არის დაკავშირებული. მაგალითად, ამ ზაფხულს სომხეთის უმაღლეს ლიგაზე მოასპარეზე ორმა კლუბმა გორში გაიარა შეკრება. „დილა გორმა“ შეკრების პერიოდში მოედანზე ვარჯიშის საფასური მიიღო, ხოლო იქვე მდებარე სასტუმრომ – დაბინავების.

თქმულიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბსა და სტუმარ-მასპინძლობის სექტორში ჩართულ კომპანიას შორის თანამშრომლობით, სავსებით შესაძლებელია წარმატებული საფეხბურთო მეურნეობის მოწყობა. საქართველოში კლიმატური პირობები და ტურისტული ინფრასტრუქტურა ამის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში საფეხბურთო მეურნეობა კი, პირველ რიგში, მიმზიდველი სომხური და აზერბაიჯანული კლუბებისთვის იქნება.