უკრაინამ ივანიშვილსა და 18 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

უკრაინამ ივანიშვილსა და 18 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

უკრაინამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსა და 18 სხვა მაღალჩინოსანს – მათ შორის კახა კალაძესა და ირაკლი კობახიძეს – სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა. ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

„ხელი მოვაწერე განკარგულებას, რომლის საშუალებითაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება სანქციების შესახებ ძალაში შედის. ეს სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ ნაწილზეა მიმართული, რომელიც ქვეყანას პუტინს უთმობს. სწორედ ეს არის ის საკითხი, რომელიც საქართველოში საპროტესტო აქციების მიზეზად იქცა. გადამწყვეტია, რომ ჩვენმა პარტნიორებმაც გამოხატონ თავიანთი პოზიცია ახლა, და ღიად ისაუბრონ იმის შესახებ, რაც ხდება. მიღებული უნდა იქნას შესაბამისი ზომები.

საერთაშორისო საკითხები ასე მუშაობს: დროული და პრინციპული პასუხის გაცემას თუ ვერ ახერხებ, ათწლეულები იკარგება და ქვეყნებს თავისუფლებას ართმევენ. არ რეგიონში არავინ არ უნდა დავკარგოთ – არც საქართველო, არც მოლდოვა და არც უკრაინა. ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ მოსკოვისგან თავდასაცავად.

უკრაინამ ივანიშვილსა და მის თანამზრახველებს – 19 პირს სანქციები დაუწესა. ეს ის ხალხია, რომლებიც საქართველოსა და მისი ხალხის ინტერესებს ყიდიან. მოვუწოდებთ ევროპას, ამერიკას და მსოფლიოში ყველას – იმოქმედონ პრინციპულად“, – ვკითხულობთ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში.

ცნობისთვის, უკრაინის მიერ დასანქცირებულ მაღალჩინოსნებს შორის არიან: ბიძინა ივანიშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, თეა წულუკიანი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, ვახტანგ გომელაური, მიხეილ ჩინჩლაძე, ოთარ ფარცხალაძე, ირაკლი რუხაძე, ლევან მურუსიძე, ვიქტორ ჯაფარიძე, დიმიტრი სამხარაძე, გიორგი ხაინდრავა, გიორგი კობახიძე, ზვიად შალამბერიძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ქარსელაძე, კახა ბექაური.