რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოზე?

რა წერია ევროპული საბჭოს დასკვნაში საქართველოზე?

არსებულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის გლობალურ ჩართულობასა და პრიორიტეტებზე დისკუსიის გამართვის შემდეგ, ევროპულმა საბჭომ საბოლოო დასკვნა წარადგინა. დასკვნაში – რომელიც ევროკავშირის გლობალურ როლს და საბჭოს მიერ მდგრადობის, მიგრაციის პოლიტიკის გაძლიერებისა და კრიზისის პრევენციის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს შეეხება – საუბარია საქართველოზეც.

19 დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაში, ევროპული საბჭო საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირთან 2028 წლამდე მოლაპარაკებები შეჩერების საკითხს ეხმიანება და მას ევროკავშირის ღირებულებებთან შეუსაბამოს უწოდებს. ამასთან ერთად, საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს და გმობს საპროტესტო აქციებისას მშვიდობიანი დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების მიმართ გამოვლენილ ძალადობასაც:

„ეხმიანება რა 2024 წლის ივნისისა და ოქტომბრის დასკვნებს, ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული. საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ევროპული საბჭო მკაცრად გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობას. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.

ევროპული საბჭო ხაზს უსვამს კავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება თავის დღევანდელ კურსს შეცვლის. “