ბაიდენი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პროცესს ართულებს

ბაიდენი რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პროცესს ართულებს

კაბინეტის დატოვებამდე, აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიიღო ზომები, რომლებიც დონალდ ტრამპს, თეთრ სახლში მოსვლის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების მოხსნის პროცესს გაურთულებს. შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს შედგება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღმასრულებელი ბრძანებით, 100-მდე სუბიექტის სტატუსი ხელახლა განისაზღვრება და დადგინდება, რა რისკს შეიცავს სანქციების ქვეშ მათთან ბიზნესის წარმოება. შედეგად,  სანქციების მოხსნის შემთხვევაში ტრამპს მოუწევს, გადაწყვეტილების შესახებ კონგრესს აცნობოს. ამან კი შეიძლება უთანხმოება გამოიწვიოს როგორც პალატაში, ასევე სენატში. შესაბამისად, კონგრესს სანქციების მოხსნის შესახებ ნებისმიერი გადაწყვეტილების გადახედვისა და პოტენციურად დაბლოკვის საშუალება ექნება.

ამავდროულად, დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთსა და ჩინეთში მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტებსა და კომპანიებს, რომლებიც კრემლს სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებიან. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ეს ე.წ. „რეგიონული კლირინგის პლატფორმები“, შეზღუდვების მიუხედავად, ქვეყნებს რეგულირებად საქონელზე სასაზღვრო ანგარიშსწორების საშუალებას აძლევენ.

თეთრი სახლის დატოვებამდე, ბაიდენმა რუსეთ-უკრაინის ომის საკითხთან დაკავშირებით კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის, სანქციების დაუწესა ორ მსხვილ რუსულ ნავთობკომპანიას. ბაიდენის ადმინისტრაციის ახალი სანქციები მოიცავს რუსეთში დაფუძნებულ Herbarium Office Management LLC-ს, Joint Stock Company Arctur-სა და Paylink Limited-ს, ასევე ჩინურ Hangzhou Xianghe Trading Co Ltd-სა და Jilin Province Shunda Trading Company Ltd-ს.