ევროზონა (ინგლისურად Eurozone) არის ევროკავშირში შემავალი ქვეყნების სავალუტო კავშირი, ანუ მასში შედიან ის ქვეყნები, რომელთა ფულის ერთეული ევროა. დღეისათვის ევროკავშირის 27 ქვეყნიდან ევროზონა 20 ქვეყანას მოიცავს. ევროზონაში არ შედიან ევროკავშირის შემდეგი ქვეყნები: დანია, შვედეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი, რუმინეთი და ბულგარეთი. გარდა იმისა, რომ ევროზონაში შემავალ ქვეყნებს საერთო ვალუტა აქვთ, ისინი უფრო მეტად არიან ერთმანეთთან ეკონომიკურად დაკავშირებული, ვიდრე ევროზონის არაწევრ ქვეყნებთან.
ევროზონაში შემავალ ქვეყნებს საერთო ცენტრალური ბანკი აქვთ (ევროპის ცენტრალური ბანკი), რომელიც მართავს ევროზონის მონეტარულ პოლიტიკას. ის ახორციელებს ევროს ემისიას და მართავს ევროზონის ოფიციალურ სავალუტო და არასავალუტო რეზერვებს. რადგან ევროზონის ქვეყნებს საერთო მონეტარული პოლიტიკა აქვთ, საერთო ვალდებულებებიც აქვთ აღებული, რომ მონეტარული სტაბილურობის (პირველ რიგში, დაბალი ინფლაცია) შენარჩუნება შეძლონ.