იტალიის მონაცემთა დაცვის დეპარტამენტმა (Garante) ხელოვნური ინტელექტის ჩინური აპლიკაცია DeepSeek-ი დაბლოკა, მიზეზად კი მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დაცვა დაასახელა. ოთხშაბათის შემდეგ, იტალიაში, Apple-ისა და Google-ის App-store-ში DeepSeek-ის აპლიკაცია აღარ იძებნება.
აპლიკაციის დაბლოკვამდე ერთი დღით ადრე, Garante-მ სტარტაპისგან მომხმარებელთა პირადი მონაცემების გამოყენების შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. კერძოდ, იტალიის ხელისუფლებას სურს დაადგინოს, რა ტიპის პირად ინფორმაციას აგროვებს DeepSeek-ი, რომელი წყაროებიდან იღებს მათ, რა მიზნებისთვის და რა იურიდიულ საფუძველზე. ასევე, მონაცემთა დაცვის დეპარტამენტი იკვლევს, ინახება თუ არა DeepSeek-ის მიერ მიღებული მონაცემები ჩინეთში.
იტალიის მონაცემთა დაცვის დეპარტამენტმა მომხმარებელთა მონაცემების გამოყენების შესახებ ინფორმაცია იმ ჩინური კომპანიებისგანაც გამოითხოვა, რომლებიც DeepSeek-ს ჩატბოტის სერვისით უზუნველყოფენ. Garante-ის შეფასებით, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია „სრულიად არასაკმარისი“ აღმოჩნდა, რის გამოც გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.
DeepSeek-ი 2023 წელს, ჰანგჭოუში დაარსებული სტარტაპია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. ის ღია AI-მოდელებს ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება ნებისმიერ დეველოპერს შეუძლია. DeepSeek-ი საჯაროდ 10 იანვარს გამოჩნდა და მალევე ყველაზე ხშირად გადმოწერილი უფასო აპლიკაციების სიაში ChatGPT-ის გადაუსწრო და პირველი ადგილი დაიკავა.