პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო უკრაინას 1.6 მილიარდ გირვანქა სტერლინგს (2 მილიარდი დოლარი) გამოუყოფს, რომელიც საჰაერო თავდაცვის 5,000 რაკეტის შეძენას მოხმარდება. როგორც სტარმერმა აღნიშნა, გარიგება უკრაინისთვის ჩრდილოეთ ირლანდიაში, ბელფასტში წარმოებული საზენტიო რაკეტების მიწოდებას ითვალისწინებს.
გარიგებასთან დაკავშირებით კირ სტარმერმა ლონდონში ევროპელი ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. აქვე გეტყვით, რომ 1-ელ მარტს ბრიტანეთმა უკრაინისთვის 2.2 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2.8 მილიარდი დოლარი) ოდენობის სესხის გამოყოფაზეც განაცხადა, რომელიც გაყინული რუსული აქტივებიდან დაიფარება.
უკრაინა დიდი ხანია მოუწოდებს მოკავშირეებს, ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საჭიროებებისთვის დამატებითი დაფინანსებები გამოყონ, რადგან რუსეთი მის ქალაქებზე სარაკეტო შეტევებს აძლიერებს.
აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 2 მარტს ლონდონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და სხვა ევროპელ ლიდერებს უმასპინძლა, რათა უკრაინის მომავალ მხარდაჭერაზე ემსჯელათ და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევი გზები განეხილათ. ეს სამიტი თეთრ სახლში უკრაინის ლიდერსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
შეგახსენებთ, ზელენსკიმ და სტარმერმა 16 იანვარს კიევში შეხვედრისას 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც სამხედრო, ენერგეტიკულ, სამეცნიერო, კულტურულ, ეკონომიკურ და სხვა სექტორებში თანამშრომლობას მოიცავს.