"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".
დემოკრატიის რეიტინგში საქართველო 5 ადგილით ჩამოქვეითდა

27 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, დემოკრატიის ინდექსში საქართველო 94-ე ადგილზეა.
მეთოდოლოგია
დემოკრატიის დონის მიხედვით ქვეყნების რეიტინგი Economist Intelligence Unit-ის მიერ მომზადებული დემოკრატიის ინდექსით დგება. Economist Intelligence Unit-ი გავლენიანი ბრიტანული გამოცემის, The Economist-ის კვლევითი და ანალიტიკური განყოფილებაა.
დემოკრატიის ინდექსი 2006 წლიდან ქვეყნდება. 2024 წლის დემოკრატიის ინდექსმა 167 ქვეყანა მოიცვა.
დემოკრატიის დონე საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკაში მონაწილეობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების მიხედვით არის განსაზღვრული. აღნიშნული 5 კომპონენტი 60 კითხვას მოიცავს. აღნიშნული 60 კითხვაზე პასუხები საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით დგინდება.
ინდექსში დემოკრატიის მაქსიმალური ქულა 10-ია, ხოლო მინიმალური – 0. კვლევის შედეგად ქვეყნები 4 ჯგუფად იყოფიან: სრულად დემოკრატიული (8-დან 10 ქულამდე), ხარვეზით დემოკრატიული (6-დან 8 ქულამდე), ჰიბრიდული რეჟიმები (4-დან 6 ქულამდე) და ავტორიტარული რეჟიმები (4 ქულამდე).
საქართველო დემოკრატიის ინდექსში
2025 წლის 27 თებერვალს დემოკრატიის ინდექსის ახალი კვლევა გამოქვეყნდა. შესაბამისად, შეიცვალა ქვეყნების რეიტინგი დემოკრატიის დონის მიხედვით. ახალი კვლევით საქართველოს 4.70 ქულა აქვს და დემოკრატიის დონით მსოფლიოში 94-ე ადგილზეა, ტუნისსა და სალვადორს შორის. თებერვალში გამოქვეყნებული ინდექსი 2024 წლის მდგომარეობას ასახავს.
საქართველოს ასეთი დაბალი ქულა (4.70) 2010 წლის შემდეგ აღარ ჰქონია.
2023 წელს საქართველოს 5.20 ქულა ჰქონდა, ანუ საქართველოს ქულა 0.50-ით შემცირდა, რაც ერთ წელიწადში რეკორდული ვარდნაა. საქართველო იმ 5 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელთა ქულაც ყველაზე მეტად შემცირდა, ანუ დემოკრატიაში ყველაზე დიდი უკუსვლა განიცადეს. ქულის შემცირების გამო, საქართველო რეიტინგში 5 საფეხურით ჩამოქვეითდა, 89-იდან 94-ამდე.
საქართველოს ქულა ყველაზე მეტად – 1.33-ით – საარჩევნო პროცესისა და პლურალიზმის კომპონენტში შემცირდა. 0.55-ით შემცირდა პოლიტიკაში მონაწილეობის კომპონენტის ქულა. 0.30-ით შემცირდა სამოქალაქო თავისუფლების კომპონენტის ქულა. საქართველოს ყველაზე დაბალი ქულა – 3.21 – მთავრობის ფუნქციონირებაში აქვს, რომელიც 0.36-ით შემცირდა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ქულის კლების მთავარი მიზეზი, ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება და 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებია.
დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ყველაზე მაღალი ქულა – 5.95 2013 წელს ჰქონდა და რეიტინგში 78-ე ადგილი ეკავა. 2013 წლის შედარებით მაღალი რეიტინგი 2012 წელს ხელისუფლების არჩევნების გზით ცვლილებით იყო განპირობებული. 2014-2015 წლებში ქულა ცოტათი შემცირდა, მაგრამ 2016-2017 წლებში 5.93-მდე დაიზარდა. 2018 წელს საქართველოს ქულა მკვეთრად შემცირდა, 0.43-ით, და 10 საფეხურით ჩამოქვეითდა, 79-ე ადგილიდან 89-ე ადგილამდე. დემოკრატიის დონის ასეთი მკვეთრი ვარდნის მიზეზი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პოლიტიკაზე დიდი გავლენა და ასევე ივანიშვილის გავლენით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ჩარევა იყო, როდესაც მთავრობა 600,000 მოქალაქეს ვალების ჩამოწერას დაჰპირდა. საქართველოს დემოკრატიის ქულის კლება 2019-2021 წლებშიც გაგრძელდა. 2022 წელს კი მცირედით გაუმჯობესდა.
Economist Intelligence Unit-ი ჰიბრიდულ რეჟიმს შემდეგნაირად განმარტავს: არჩევნები ტარდება ხარვეზებით, რაც აფერხებს არჩევნების თავისუფლებასა და სამართლიანობას. მთავრობის მხრიდან ზეწოლაა ოპოზიციაზე. სერიოზული სისუსტეებია პოლიტიკურ კულტურასა და მთავრობის მუშაობაში. გავრცელებულია კორუფცია და კანონის უზენაესობა სუსტია. სამოქალაქო საზოგადოება სუსტია. ჟურნალისტებს ავიწროებენ და სასამართლო არ არის დამოუკიდებელი.
საქართველოს პოზიცია დემოკრატიის ინდექსში

საქართველოს ქულა დემოკრატიის ინდექსში

დემოკრატიის ყველაზე მაღალი დონის მქონე ქვეყნები
დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე დემოკრატიული ქვეყანა ნორვეგიაა, რომელსაც 10-დან 9.81 ქულა აქვს. ნორვეგიას საარჩევნო პროცესსა და პლურალიზმში, პოლიტიკაში მონაწილეობასა და პოლიტიკურ კულტურაში მაქსიმალური 10-10 ქულა აქვს. მეორე ადგილზე ახალი ზელანდიაა 9.61 ქულით, ხოლო მესამეზე შვედეთია 9.39 ქულით.
საქართველოს მეზობლებიდან სომხეთი უსწრებს, რომელიც 82-ე ადგილზეა 5.35 ქულით. თურქეთი 103-ე ადგილზეა 4.26 ქულით, აზერბაიჯანი 126-ეზეა 2.80 ქულით, ხოლო რუსეთი 150-ეზეა 2.03 ქულით.
რეიტინგში ბოლო ადგილზე ავღანეთია 0.25 ქულით, შემდეგ მოდიან მიანმარი და ჩრდილოეთი კორეა 0.96 და 1.08 ქულით.
დემოკრატიის დონით ლიდერი ტოპ-10 ქვეყანა
ქვეყანა | ქულა | |
1 | ნორვეგია | 9.81 |
2 | ახალი ზელანდია | 9.61 |
3 | შვედეთი | 9.39 |
4 | ისლანდია | 9.38 |
5 | შვეიცარია | 9.32 |
6 | ფინეთი | 9.30 |
7 | დანია | 9.28 |
8 | ირლანდია | 9.19 |
9 | ნიდერლანდები | 9.00 |
10 | ლუქსემბურგი | 8.88 |
წყარო: Economist Intelligence Unit
გააზიარე
ავტორის სხვა მასალა
- on მარტი 5, 2025
- on თებერვალი 13, 2025
- on თებერვალი 12, 2025
- on იანვარი 28, 2025
- on ნოემბერი 20, 2024
- on ნოემბერი 13, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024
- on ოქტომბერი 30, 2024