კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტს მარკ კარნი დაიკავებს

კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტს მარკ კარნი დაიკავებს

კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, მარკ კარნი აირჩიეს. კარნი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჯასტინ ტრუდოს შეცვლის, რომელმაც პოსტის დატოვების შესახებ ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა.

ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, 59 წლის კარნიმ ხმათა 86% აიღო და ყოფილი ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილენდი დაამარცხა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152,000-მდე წევრი იღებდა მონაწილეობას. შედეგად, წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს კანადაში მმართველი პარტია ახლა უკვე მარკ კარნის ხელმძღვანელობით ჩაატარებს.

ჯასტინ ტრუდო თანამდებობას 2015 წლის შემდეგ იკავებდა, თუმცა ბოლო პერიოდში ქვეყანაში მისი რეიტინგი დავარდა და ტრუდომ ლიბერალურ პარტიას კენჭისყრის დაჩქარებული წესით ჩატარების მოთხოვნით მიმართა.

თანამდებობაზე მარკ კარნის დანიშვნა კანადისთვის ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს დაემთხვა. ტრამპის ადმინისტრაციამ კანადასთან თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გაუქმებისა და იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. საპასუხო ზომებით აშშ-ს კანადაც დაემუქრა მათ შორის ტრუდომ შეერთებულ შტატებს 30 მილიარდი კანადური დოლარის საპასუხო ტარიფები დაუწესა.

სიტყვით გამოსვლისას, კარნი ტრამპის პოლიტიკასაც შეეხო და კანადის ეკონომიკის შესუსტების მცდელობების შესახებ ისაუბრა: „ის თავს ესხმის კანადელ მუშაკებს, ოჯახებსა და ბიზნესს. ჩვენ მას წარმატების საშუალებას ვერ მივცემთ“. კარნიმ ვითარების გამოსასწორებლად დაუყოვნებლივი მოქმედებების პირობაც დადო.