Volkswagen-ის წლიური მოგება 15%-ით შემცირდა

Volkswagen-ის წლიური მოგება 15%-ით შემცირდა

გერმანულმა ავტომწარმოებელმა Volkswagen-მა 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, გასულ წელს კომპანიის  საოპერაციო მოგება 15%-ით შემცირდა. Volkswagen-ი კლებას გაზრდილი ხარჯებით ხსნის, რაც დიდწილად კომპანიის „რესტრუქტურიზაციის სტრატეგიას“ უკავშირდება.

მოგების კლების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ Volkswagen-ის შემოსავალი 324.7 მილიარდ ევრომდე ($352.8 მილიარდი) გაიზარდა, რაც 2023 წლის 322.3 მილიარდ ევროს მცირედით, თუმცა მაინც აჭარბებს. ავტომწარმოებელი 2025 წელს გაყიდვების 5%-მდე ზრდას პროგნოზირებს, ხოლო საოპერაციო მარჟას 5.5%-დან 6.5%-მდე დიაპაზონში ელოდება. შედარებისთვის, 2024 წელს ეს მაჩვენებელი 5.9% იყო.

კომპანიამ 2024 წელს გაყიდვების 3.5%-იანი ვარდნა დააფიქსირა, თუმცა განაცხადა, რომ წლიური შედეგები, გამოწვევებით სავსე გარემოს მიუხედავად, მდგრადი იყო.

აღსანიშნავია, რომ შემცირებული მოგების გამოცხადებას Volkswagen-ის აქციების ფასზე უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია. დღეს კომპანიის აქციების ღირებულება 2.6%-ით არის გაზრდილი და 112,90 ევროს აღწევს.

კომპანია მომხმარებლებსა და ინვესტორებს მომავალი გამოწვევების შესახებაც აფრთხილებს. როგორც Volkswagen-ის წარმომადგენლები აღნიშნავენ, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და სავაჭრო შეზღუდვები 2025 წელს მნიშვნელოვან დაბრკოლებებს შექმნის.