"Forbes Georgia-ის სარედაქციო ბლოგპოსტების სერია "როგორ გამდიდრდა“ და "საქართველო რეიტინგებში".

საგარეო ვაჭრობის თავისუფლებით საქართველო მსოფლიოში მე-9 ადგილზეა

2 (5)

საგარეო ვაჭრობის თავისუფლებაში იგულისხმება, თუ რამდენად თავისუფალია ქვეყნის ექსპორტი და იმპორტი სატარიფო და არასატარიფო ბარიერებისგან. აშშ-ში დაფუძნებული კვლევითი ცენტრი ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი, რომელიც ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს აქვეყნებს, ასევე იკვლევს ქვეყნების საგარეო ვაჭრობის თავისუფლების დონეს და შესაბამის რეიტინგს ადგენს.

ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი ქვეყნების საგარეო ვაჭრობის თავისუფლებას მაქსიმუმ 100 ქულით აფასებს. 2025 წლის შეფასებით (რომელიც 2024 წლის მდგომარეობას ასახავს), საქართველომ 86.2 ქულა მოიპოვა და საგარეო ვაჭრობის თავისუფლების რეიტინგში, რომელიც 178 ქვეყანას მოიცავს, მე-9 ადგილი დაიკავა. გასულ წელს საქართველო მე-7 ადგილზე იყო.

ცენტრის შეფასებით, საქართველოს იმპორტზე საშუალოდ 1.9%-იანი ტარიფი აქვს. საქართველოს საგარეო ვაჭრობის კანონმდებლობა არასატარიფო ბარიერებისგან თავისუფალია. არასატარიფო ბარიერები არის რაოდენობრივი შეზღუდვები (კვოტები), საფასო შეზღუდვები, სანიტარული და ფიტოსანიტარული შეზღუდვები და მთავრობის სხვა პირდაპირი ჩარევები ვაჭრობაში. საქართველოს მაღალი პოზიცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული იმ ფაქტით, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან და კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან.

საქართველოში სავაჭრო ტარიფი მხოლოდ იმპორტზე ვრცელდება, ექსპორტი არ იბეგრება. კანონმდებლობით საქართველოში საბაჟო ტარიფის სამი კატეგორიაა: 12%, 5% და 0%, ანუ არ იბეგრება. 12%-იანი და 5%-იანი ტარიფი ძირითადად ისეთ პროდუქტებზე ვრცელდება, რაც საქართველოშიც იწარმოება, მაგალითად: ბოსტენული, ხილი, ხორცისა და რძის პროდუქტები, ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, სარემონტო მასალები, ტანსაცმელი და ა.შ. საქართველოს მაქსიმალური ქულა – 89.4 2018 წელს ჰქონდა და მსოფლიო რეიტინგში მე-5 ადგილს იკავებდა. ბოლო წლებში საქართველოს იმპორტის გადასახადი არ გაუზრდია. ქულის კლება იმპორტში ისეთი პროდუქციის წილის მატებამ განაპირობა, რომლებიც უფრო მაღალი განაკვეთით იბეგრება.

გრაფიკი: საქართველოს ქულა საგარეო ვაჭრობის თავისუფლების ინდექსში

წყარო: ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი
ქვეყნები, სადაც საგარეო ვაჭრობა ყველაზე თავისუფალია

საგარეო ვაჭრობა ყველაზე მეტად თავისუფალი სინგაპურშია, სადაც საბაჟო ტარიფები ფაქტობრივად არ არის. სინგაპურს მაქსიმალური 100-დან 95 ქულა აქვს და მნიშვნელოვნად უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ახალ ზელანდიას.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან, ყველაზე მაღალ პოზიციაზე თურქეთია, რომელიც 85-ე ადგილს იკავებს 72.8 ქულით. სომხეთი 91-ე ადგილზეა 72 ქულით. აზერბაიჯანი 99-ე ადგილზეა 69.8 ქულით და რუსეთი 102-ე ადგილზეა 69.4 ქულით.

რეიტინგში ბოლო ადგილზე ჩრდილოეთი კორეაა, რომელიც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობასთან საერთოდ არ ვაჭრობს. ჩრდილოეთ კორეას 100-დან 0 ქულა აქვს. შემდეგ მოდის სუდანი 29.6 ქულით და ბარბადოსი 40.8 ქულით. სუდანს იმპორტზე საშუალოდ 25.2%-იანი ტარიფი აქვს, ხოლო ბარბადოსს – 22.1%-იანი.

ყველაზე თავისუფალი საგარეო ვაჭრობის მქონე ქვეყნები:

 ქვეყანაქულა
1სინგაპური95.0
2ახალი ზელანდია90.4
3ავსტრალია90.0
4მავრიკი87.4
5ტაივანი86.6
6შვეიცარია86.6
7ლიხტენშტაინი86.6
8ბაჰრეინი86.6
9საქართველო86.2
10სეიშელი85.2

წყარო: ჰერიტიჯ ფაუნდეიშენი

გააზიარე