მოდის ინდუსტრიის ფრანგულმა გიგანტმა, LVMH-მა 2025 წლის I კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, გასული წლის იმავე სამთვიან პერიოდთან შედარებით, კომპანიამ გაყიდვების 3%-იანი კლება დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ გაყიდვების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩა ანალიტიკოსთა პროგნოზს, რომლებიც 2%-იან ზრდას მოელოდნენ.
კომპანიის შემოსავლების ყველაზე დიდი, 9%-იანი კლება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში დაფიქსირდა, ხოლო მოდისა და ტყავის ნაწარმის მიმართულებით მეორე ყველაზე უარესი შედეგი, 5%-იანი შემცირება აღინიშნა.
ამ ყველაფერმა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა. გუშინ LVMH-ის აქციების ფასი 7.53%-ით დაეცა და $554.76 (490.05 ევრო) შეადგინა. ამან კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის $277 მილიარდამდე შემცირება გამოიწვია. შედეგად, მოდის ინდუსტრიის ყველაზე ძირად ღირებული კომპანიის სტატუსი LVMH-მა Hermès-ს გადააბარა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაციაც 280 მილიარდ დოლარს აჭარბებს.
ამერიკული Forbes-ის შეფასებით, LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თავმჯდომარის, ბერნარ არნოს ქონება დღეის მდგომარეობით 146.4 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ერთდღიან ჭრილში ის 7.17%-ით, $11.3 მილიარდით არის შემცირებული. ამის მიუხედავად, არნო ევროპის უმდიდრეს ადამიანად რჩება და Forbes-ის მილიარდერების რეალურ დროში განახლებად სიაში მეექვსე პოზიციას იკავებს.