ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-17 პაკეტი შეათანხმეს. ორგანიზაცია კრემლს სანქციების ახალი რაუნდითაც დაემუქრა იმ შემთხვევაში, თუ პუტინი თეთრი სახლის შეთავაზებას 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ მიიღებს.
ახალი სანქციების წინასწარი გეგმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა უკვე შეათანხმეს. საგარეო საქმეთა მინისტრები სანქციების ახალ პაკეტს მომავალ კვირაში საბოლოოდ დაამტკიცებენ. ახალი შეზღუდვები ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ 200-მდე გემს და 75 პირსა და კომპანიას შეეხება, რომელთაც ნავთობით ვაჭრობაზე დასავლური სანქციების დარღვევა ედებათ ბრალად.
ამ დრომდე ბლოკმა „ჩრდილოვანი ფლოტიდან“ 153 ტანკერი დაასანქცირა, რომელთაც ევროკავშირის პორტებსა და მომსახურებაზე წვდომა შეეზღუდათ. ევროკავშირის უახლესი გადაწყვეტილებით კი, სანქცირებული რუსული გემების რაოდენობა 350 ერთეულს გადააჭარბებს.
გარდა ამისა, სანქცირებულთა შორის იქნება 30-ზე მეტი ფირმა, მათ შორის ყაზახეთიდან, სერბეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ვიეტნამიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელთაც მოსკოვისთვის დასავლეთის მიერ აკრძალული პროდუქციის მიწოდებაში ედებათ ბრალი. სანქციები ასევე აკრძალავს ევროკავშირის მიერ წარმოებული ქიმიკატების ექსპორტს, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას რაკეტების წარმოებისთვის.
სანქციების ახალი პაკეტის შეთანხმებას პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ეს ომი უნდა დასრულდეს. ჩვენ კრემლზე მკაცრ ზეწოლას შევინარჩუნებთ“, – წერს სოციალურ ქსელში ფონ დერ ლაიენი.
პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს სტამბულში ჩასვლისა და პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. ზელენსკის მოწოდებას თურქეთში გასამართ შეხვედრაზე მხარს უჭერს დონალდ ტრამპიც. თუმცა კრემლს ამ დრომდე არ დაუდასტურებია, ჩავა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი სტამბულში. „მე მჯერა, რომ თუ პუტინი არ ჩამოვა და თამაშებს განაგრძობს, ეს იქნება საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ მას ომის დასრულება არ სურს“, – განაცხადა ზელენსკიმ.