კატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდი აშშ-ში $500 მილიარდის ინვესტირებას განახორციელებს

კატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდი აშშ-ში $500 მილიარდის ინვესტირებას განახორციელებს

კატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდი (QIA), მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში $500 მილიარდის ინვესტირებას განახორციელებს. სამომავლო ინვესტიციასთან დაკავშირებულ გეგმებზე ფონდის აღმარულებელმა დირექტორმა, მოჰამედ ალ სოვაიდიმ ისაუბრა.

ალ სოვაიდის განცხადებით, დაფინანსების ახალი მასშტაბური სერია ფონდის მიერ ტრადიციულად მხარდაჭერილი სფეროებისკენ იქნება მიმართული, მათ შორისაა: ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა ცენტრები და ჯანდაცვა. ამავდროულად კი, შესაბამისობაში იქნება ტრამპის მიერ შემუშავებულ აშშ-ის რეინდუსტრიალიზაციის მიზნებთან.

QIA-ს აღმასრულებლის მიერ დაანონსებული $500-მილიარდიანი ინვესტიცია თითქმის ნახევარია კატარის მიერ გამოყოფილი $1.2-ტრილიონიანი ეკონომიკური დაპირების, რომელიც ქვეყნებს შორის ტრამპის ვიზიტისას იქნა მიღწეული. ალ სოვაიდის განცხადებით, აშშ-სთან პარტნიორობის გაძლიერება არ ნიშნავს, რომ კატარი მსოფლიოს სხვა ბაზრებს ჩამოშორდება. მისივე შეფასებით, აშშ-ის ამჟამინდელი პოლიტიკური გარემო, ქვეყნის გრძელვადიანი კაპიტალისთვის პერსპექტიულია.

ცნობისთვის, ალ სოვაიდიმ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა გასულ წელს დაიკავა. კატარის სუვერენული სიმდიდრის ფონდი ამჟამად სიდიდით მერვეა და ისეთ მსხვილ აქტივებს ფლობს, როგორიც ლონდონის Harrods-ის უნივერსალური მაღაზია და Shard-ის ცათამბჯენია. კვლევითი საკონსულტაციო კომპანია Global SWF-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის, კატარის სიმდიდრის ფონდის აქტივების ღირებულება $905 მილიარდამდე გაიზრდება.