Bitcoin-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

Bitcoin-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის Bitcoin-ის ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და $111,861 შეადგინა. კრიპტოვალუტა ამჟამად $110,807-ად ივაჭრება. Bitcoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია აღნიშნული ზრდის შედეგად $2.2 ტრილიონს გაუტოლდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. ამჟამად მიმოქცევაში 19.86 მილიონი ბიტკოინია, მაქსიმალური მიწოდება კი 21 მილიონი ერთეული ბიტკოინი იქნება.

მსოფლიოს ყველაზე მსხვილი კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელ ზრდას აშშ-ში კრიპტოაქტივების რეგულაციების დამტკიცების მოახლოებას უკავშირებენ, რომელიც ქვეყანაში კრიპტოაქტივებისათვის მეგობრული გარემოს შექმნას ითვალისწინებს. გარდა ამისა, ზოგადად, საფონდო ბირჟებისა და კრიპტოვალუტების ფასის ზრდაზე ბოლო პერიოდში გავლენა აშშ-სა და ჩინეთს შორის ტარიფების გადავადებამაც იქონია.

ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, Bitcoin-ის ზრდაზე გავლენას ზოგადად აშშ-ის ეროვნული ვალუტის, დოლარის შესუსტებაც ახდენს. დოლარის დასუსტება კი Bitcoin-თან მის გაცვლით კურსს ზრდის. თავად კრიპტოინვესტორები ზრდის ერთ-ერთ მიზეზად Bitcoin-ით ტრადიციული ფინანსური ფირმების დაინტერესებასაც ასახელებენ.

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ JPMorgan-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დიდი ხნის კრიპტოკრიტიკოსმა ჯეიმი დაიმონმა განაცხადა, რომ მისი ბანკი მომხმარებლებს Bitcoin-ის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემდა. გარდა ამისა, რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოსავაჭრო პლატფორმა Coinbase-ი ამერიკის ხუთასი უმსხვილესი კომპანიის ინდექსში, S&P 500-ში დაამატეს.