ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

ტრამპმა 12 ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც აშშ-ში თორმეტი ქვეყნის მოქალაქეების შესვლას კრძალავს. ოთხშაბათს გამოცხადებული განკარგულება ძალაში 9 ივნისს შევა. განკარგულებამდე გაცემული ვიზები ახალ რეგულაციებს არ დაექვემდებარება.

ტრამპის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შესვლა შემდეგი ქვეყნის მოქალაქეებს აეკრძალებათ: ავღანეთი, მიანმარი, ჩადი, კონგოს რესპუბლიკა, ეკვატორული გვინეა, ერიტრეა, ჰაიტი, ირანი, ლიბია, სომალი, სუდანი და იემენი. განკარგულება ასევე ნაწილობრივ შეზღუდვას დააწესებს ბურუნდის, კუბის, ლაოსის, სიერა-ლეონეს, ტოგოს, თურქმენეთისა და ვენესუელის მოქალაქეების აშშ-ში შესვლაზე.

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, შეზღუდვები ქვეყანას „უცხოელი ტერორისტებისა“ და სხვა გარე საფრთხეებისგან დაიცავს. ნაწილობრივი შეზღუდვების შემთხვევაში, ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში მუდმივი საცხოვრებლისა  და სტუდენტური ვიზების მიღების უფლება აეკრძალებათ.

ახალი განკარგულება ტრამპის იმიგრაციის წინააღმდეგ მიმართული ფართომასშტაბიანი პოლიტიკის ნაწილია. პრეზიდენტის გადაწყვეტილება, კოლორადოში ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერ მარშზე თვის დასაწყისში განხორციელებულ ტერაქტს უკავშირდება. არსებული ინფორმაციით, ეგვიპტელმა პირმა თავდასხმისას „თავისუფლება პალესტინას“ იყვირა. ტერაქტის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა რეპრესიები დააანონსეს.