BBC-ის პარტნიორი ამერიკული გამოცემის, CBS-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანზე თავდასხმის გეგმა დაამტკიცა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი თავს შეიკავებს ირანზე თავდასხმისგან, თუ ქვეყანა ბირთვული პროგრამის შეჩერებას დათანხმდება. ამის შესახებ CBS-თან დაზვერვის მიმართულებით მომუშავე მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომლის ვინაობაც ანონიმური რჩება.
არსებული ინფორმაციით, ტრამპი აშშ-ის მხრიდან თავდასხმას ირანის მიწისქვეშა ფორდოუს ურანის გასამდიდრებელ ქარხანაზე განიხილავს. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანს უპირობო კაპიტულაციისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მოთმინება ამოეწურა, თუმცა აიათოლა ალი ხამენეიმ ტრამპის მოთხოვნა უარყო და აშშ-ის პრეზიდენტი გააფრთხილა, რომ ნებისმიერი სამხედრო ჩარევა მათ ძვირი დაუჯდებათ და, რომ „ირანელი ერი არ დანებდება“.
ისრაელმა პარასკევს ირანზე პრევენციული თავდასხმა დაიწყო. მას შემდეგ, ისრაელის სამხედრო ძალებმა არაერთი შეტევა განახორციელეს – მათ შორის ბირთვულ ობიექტებზე. ირანმა განაცხადა, რომ საპასუხოდ მან ისრაელის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტები გაუშვა. ბოლო ცნობებით, ისრაელ-ირანს შორის დაპირისპირებას ისრალეში 24, ხოლო ირანში 639-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ტრამპის მოთხოვნას, ბირთვული პროგრამის შეჩერების შესახებ, პლატფორმა X-ის საშუალებით გამოეხმაურნენ გაეროში ირანის მისიის წარმომადგენლები: „ირანი ზეწოლის ქვეშ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს, იძულებით მშვიდობას არ დათანხმდება და, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს არ გამართავს ომის წამქეზებელთან, რომელმაც აქტუალობა დაკარგა“.
ტრამპის მიერ ირანზე თავდასხმის გეგმის დამტკიცების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად Wall Street Journal-მა, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. WSJ-ის ცნობით, ტრამპი დამატებით რამდენიმე ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა საბოლოო დასტურამდე ისრაელის ქმედებებსა და ბირთვულ პროგრამაზე ირანის გადაწყვეტილებას ელოდება.