ევროპაში ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის, Tesla-ს გაყიდვები კლების ტენდენციას განაგრძობს. რეგიონში კომპანიის ახალი ავტომობილების გაყიდვები მაისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 27.9%-ით შემცირდა. ეს ფაქტი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს იმის ფონზე, რომ ამავე პერიოდში ევროპაში სრულად ელექტრო ძრავით აღჭურვილი ავტომობილების გაყიდვები 27.2%-ით გაიზარდა.
ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით, რეგიონში ავტომობილების საერთო გაყიდვები 1.9%-ით გაიზარდა, ყველაზე ძლიერი ზრდა კი plug-in-ჰიბრიდებისა და ალტერნატიულ საწვავზე მომუშავე მანქანების კუთხით დაფიქსირდა.
ამის ფონზე, Tesla-ს გაყიდვები ევროპაში უკვე მეხუთე თვეა, ეცემა. Reuters-ის დაკვირვებით, ამის მიზეზი ის არის, რომ მომხმარებლები უფრო იაფ ჩინურ ელექტრომობილებზე გადადიან და ზოგიერთ შემთხვევაში, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან. მსგავსი შემთხვევები უფრო ხშირი იყო, როდესაც მასკი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.
Tesla-ს ევროპული ბაზრის წილი მაისში 1.2%-მდე შემცირდა, გასული წლის 1.8%-თან შედარებით. განახლებული Model Y კომპანიის მოძველებული მოდელების ხაზის გამოცოცხლებას ისახავს მიზნად, რადგან ტრადიციული ავტომწარმოებლები და ჩინური კონკურენტები, სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, ელექტრომობილებს სწრაფი ტემპით უშვებენ.
Jato Dynamics-ის მიერ სამშაბათს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ჩინურმა მწარმოებლებმა გასულ თვეში ევროპაში გაყიდვების მიმართულებით ძლიერი ზრდა შეინარჩუნეს. მათ ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის ტარიფების მიუხედავად, 65,808 ავტომობილი გაყიდეს და ბაზრის წილი 5.9%-მდე გააორმაგეს.