შერეული საბრძოლო ხელოვნების ქართველმა მებრძოლმა ილია თოფურიამ 28 ივნისს, ლას-ვეგასში ჩატარებულ ღონისძიებაზე ბრაზილიელი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა დაამარცხა და მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. ქართველ ჩემპიონს შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში 17 ბრძოლა აქვს ჩატარებული და დაუმარცხებელია.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ რამდენიმე თვის წინ ქვემსუბუქი წონის მოპოვებული ქამარი ვაკანტური გახადა და ზედა წონაში გადაინაცვლა, სადაც ასევე ვაკანტურად დატოვებული საჩემპიონო ქამრის მოსაპოვებლად ბრაზილიელ მეტოქეს დაუპირისპირდა. თოფურიამ გამარჯვება ბრძოლის პირველივე რაუნდში, ნოკაუტით მოიპოვა.
სხვადასხვა უცხოური სპორტული გამოცემის თანახმად, ილია თოფურია გამარჯვებისთვის საერთო ჯამში $3-დან $4-მილიონამდე მიიღებს. Sporty Salaries-ის ინფორმაციით, თოფურიამ გარანტირებული კონტრაქტის სახით $750,000, საუკეთესო ბრძოლის ბონუსის სახით კი $50,000 მიიღო. ღონისძიების პოპულარობის და კონკრეტულად ბრძოლის ყურების რეიტინგის გათვალისწინებით კი ილია, დიდი ალბათობით, ბონუსის სახით დამატებით $2.7 მილიონს მიიღებს. საერთო ჯამში, Sporty Salaries-ის თანახმად, ქართველ მებრძოლს $3.54 მილიონი ერგება.
ამავე სპორტული გამოცემის ინფორმაციით, თოფურიას მეტოქემ, ბრაზილიელმა ოლივეირამ საერთო ჯამში ღონისძიებაზე $1.3 მილიონი გამოიმუშავა, საიდანაც $500,000 კონტრაქტით გარანტირებული შემოსავალი, $850,000 კი ბონუსია.
შეგახსენებთ, UFC 317-ის ღონისძიებაზე მეორე საჩემპიონო ბრძოლაც გაიმართა ალეშანდრე პანტოჟასა და კაი კარა-ფრანსს შორის. არსებული ცნობებით, პანტოჟამ უმსუბუქესი წონის საჩემპიონო ქამრის დაცვისთვის $1.74 მილიონი მიიღო, მისი მეტოქის შემოსავალმა კი $932,000 შეადგინა.
UFC 317-ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი:
მებრძოლი | შემოსავალი |
---|---|
ილია თოფურია | $3.54 მილიონი |
ალეშანდრე პანტოჟა | $1.74 მილიონი |
ჩარლზ ოლივეირა | $1.32 მილიონი |
კაი კარა-ფრანსი | $932,000 |
ბენილ დარიუში | $296,000 |
ნიკო პრაისი | $271,000 |
რენატო მოიკანო | $271,000 |
გრეგორი როდრიგესი | $261,000 |
ჯოშუა ვანი | $230,000 |
ჯეკ ჰერმანსონი | $216,000 |
მოყვანილი რიცხვები UFC-ის ოფიციალურ მონაცემებს არ წარმოადგენს და სპორტული მედიაგამოცემა Sporty Salaries-ის ვარაუდია.