აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი საბიუჯეტო კანონპროექტი მიიღო. კენჭისყრისას კანონპროექტს მხარი პალატის 218-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 214 წინააღმდეგ წავიდა – მათ შორის დემოკრატები, სრული შემადგენლობით და ორი რესპუბლიკელი.

ტრამპის „დიდი, ლამაზი კანონპროექტის“ კენჭისყრის ვადა 4 ივლისს იწურებოდა. წარმომადგენელთა პალატის მიერ კანონპროექტის მხარდაჭერის შემდეგ ის ახლა უკვე პრეზიდენტ ტრამპს ხელმოწერისთვის გადაეგზავნება. თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპი კანონპროექტს ხელს პარასკევს, 4 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისთვის მიძღვნილ ცერემონიალზე მოაწერს. წარმომადგენელთა პალატის კენჭისყრის შედეგებს უკვე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. ტრამპის განცხადებით, საბიუჯეტო კანონპროექტი აშშ-ის ისტორიაში უდიდესი გახდება და ქვეყანას „კოსმოსურ ხომალდად“ აქცევს.

კანონპროექტი, რომელიც ტრამპსა და მისი წინასაარჩევნო კამპანიის უმსხვილეს დონორს, ილონ მასკს შორის დაპირისპირების მთავარ თემად იქცა, თავდაცვის სფეროსა და დეპორტაციის დაფინანსებასა და სახელმწიფო ვალის ლიმიტის $4 ტრილიონით ზრდას ითვალისწინებს. ამავდროულად, კანონპროექტი 2017 წელს მიღებულ  საგადასახადო შეღავათებსაც გაახანგრძლივებს.  თუმცა მასკი მას „აბსურდული ხარჯვის კანონპროექტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ის ბიუჯეტის დეფიციტს სულ მცირე $3.3 ტრილიონით გაზრდის.

კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისთვის განსაკუთრებით დიდ პრობლემას ბიუჯეტის დეფიციტის დამატებით $1 ტრილიონით ზრდა წარმოადგენს. თანაც მაშინ, როდესაც აშშ-ის ფინანსური დეპარტამენტის მონაცემებით, სახელმწიფო ვალი ამჟამად რეკორდულ ნიშნულს, $37 ტრილიონს აღწევს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადასახადებისა და ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი ეხება ყველაფერს, MedicAid-ითა და სოციალური უზრუნველყოფით დაწყებული, საკვების შეღავათებითა და სუფთა ენერგიით დამთავრებული. კანონპროექტი ჯამში მომდევნო ათი წლის განმავლობაში $4.5 ტრილიონი დოლარის ოდენობის საგადასახადო შეღავათებისა და ხარჯების შემცირებას გულისხმობს. მათ შორის გულისხმობს MedicAid-ისა და საკვების ვაუჩერების პროგრამის ბიუჯეტის დაახლოებით $1.2 ტრილიონით შემცირებას.

კონგრესის ბიუჯეტის ოფისის შეფასებით, კანონპროექტმა შესაძლოა მომდევნო 10 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზღვევის გარეშე დატოვოს, რასაც თეთრი სახლი უარყოფს. კანონპროექტი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიღებული ფედერალური ინიციატივების გაუქმებასაც ითვალისწინებს, რაც თავის მხრივ, ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდის ელექტრომობილების სუბსიდიებსაც შეეხება.