ბილ გეიტსის ფონდი ქალთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად $2.5 მილიარდს გამოყოფს

ბილ გეიტსის ფონდი ქალთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად $2.5 მილიარდს გამოყოფს

ბილ გეიტსის ფონდი ქალთა ჯანმრთელობის მიმართულებით კვლევების დასაფინანსებლად დამატებით $2.5 მილიარდს გამოყოფს. ამერიკელი ფილანთროპისა და ინვესტორის ფონდის მიზანს, დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში მცხოვრები ქალების 80%-ზე მეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოადგენს.

გეიტსის უახლესი გეგმა გარკვეულწილად პასუხია ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკაზე, რომელიც ჯანდაცვის პროგრამების ნაწილისთვის დაფინანსების შემცირებას უჭერს მხარს. მილიარდერმა შემოწირულების გამოცხადების ცერემონიაზე გადაწყვეტილების სხვა მიზეზებზეც ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ ამახვილებს ფონდი ყურადღებას ქალთა ჯანმრთელობის საკითხებზე.

გეიტსის ფონდის მონაცემებით, 2000 წლიდან 2020 წლამდე, ბავშვთა სიკვდილიანობის სტატისტიკა 50%-ითაა შემცირებული, მაშინ როდესაც იმავე პერიოდში, დედების სიკვდილიანობამ მხოლოდ 20-25%-ით იკლო. მილიარდერის თქმით, ამ შეუსაბამობამ ფონდი დედების სიკვდილიანობის მიზეზების გამოკვლევამდე და გამოსავლის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა.

ბილ გეიტსის ფონდი ამჟამად 300-ზე მეტ გლობალურ პარტნიორთან და გრანტის მიმღებთან თანამშრომლობს, რათა ხელი შეუწყოს დედების გინეკოლოგიური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ასევე ეხმარება მსოფლიოში არასაკმარისად დაფინანსებული ჯანდაცვის სხვა სფეროებს.

არსებული გეგმით, ფონდი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და ნაყოფის მონიტორინგის AI-ხელსაწყოს განვითარებაზე მუშაობს. ეს უკანასკნელი ექიმებს ბავშვის მდგომარეობის უკეთ შესწავლასა და მშობიარობის დროის განსაზღვრაში დაეხმარება.

ცნობისთვის, გეიტსის ფონდი, რომელიც 2000 წელს შეიქმნა, მომდევნო ოცი წლის განმავლობაში $200 მილიარდზე მეტს გასცემს და 2045 წლის 31 დეკემბრისთვის დაიხურება. თავდაპირველი გეგმით, ფონდი, ბილ და მელინდა გეიტსების გარდაცვალებიდან სულ მცირე 20 წელიწადში უნდა დახურულიყო, თუმცა ინვესტიციების გაორმაგების შემთხვევაში ფონდის მიზნების მიღწევა ბევრად მოკლე ვადებშიც შესაძლებელია.