კომპანიების მიერ ChatGPT-ის გამოყენების სიხშირე პირველად შემცირდა

კომპანიების მიერ ChatGPT-ის გამოყენების სიხშირე პირველად შემცირდა

პროგრამული უზრუნველყოფის ამერიკული კომპანია Netskope-ის ანგარიშის თანახმად, კომპანიების მიერ ChatGPT-ის გამოყენების სიხშირე, 2022 წლის ნოემბერში გაშვების შემდეგ, პირველად შემცირდა. Netskope-ის მონაცემებით, ბოლო პერიოდში, OpenAI-ის AI-ჩეტბოტი კომპანიების 78%-მა გამოიყენა – 2025 წლის თებერვლის 80%-თან შედარებით. ამავდროულად, ChatGPT იყო ერთადერთი AI-პლატფორმა, რომელმაც ამ პერიოდში ვარდნა დააფიქსირა.

Netskope-ის ანგარიში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ კომპანიის 3,500 მომხმარებლისგან შემდგარი ანონიმურ, შიდა მონაცემების ბაზას ეფუძნება. აღნიშნული ბაზა ჯამში 317 AI-აპლიკაციისა და ჩეტბოტის გამოყენების სიხშირეს ამოწმებს.

Netskope-ის შეფასებით, ბოლო პერიოდში ორგანიზაციების ნაწილი უპირატესობას ChatGPT-ის კონკურენტებს ანიჭებს, როგორიცაა Google-ის Gemini და Microsoft Copilot-ი, რადგან ეს AI-ჩეტბოტები უკვე ინტეგრირებულია მათი ოფისის სამუშაო პროგრამებთან, მაგალითად, Microsoft Office 365-თან ან Github-თან. თუმცა კლების მიუხედავადაც, ChatGPT კვლავ უფრო პოპულარულია, ვიდრე Gemini და Copilot-ი, რომელთაც, შესაბამისად, კომპანიების 55% და 37% იყენებს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის ბიზნესების 90% თავისი თანამშრომლებისგან ხელოვნური ინტელექტის ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებას ითხოვს, როგორიცაა ChatGPT, Gemini ან Copilot-ი. Netskope-ის თანახმად, სხვა პოპულარულ AI-პლატფორმებს შორის, რომელთაც კომპანიები ყველაზე ხშირად იყენებენ, მოხვდნენ Anthropic-ის Claude, Perplexity AI, spellcheck AI Grammarly და Gamma AI.

ბიზნესების მიერ პლატფორმების ფართოდ გამოყენების მიუხედავად, Netskope-ი კომპანიებს შესაძლო რისკებზეც აფრთხილებს. ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი მომხმარებლების სენსიტიური მონაცემების დაცვაა. საშუალოდ, კომპანიები ხელოვნური ინტელექტის ჩეტბოტებს თვიურად დაახლოებით 7.7 გიგაბაიტ მონაცემს უგზავნიან, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი თვეში მხოლოდ 250 მეგაბაიტს შეადგენდა.