ნახევარგამტარების ამერიკული მწარმოებლები Nvidia და AMD დათანხმდნენ, რომ ჩინეთში გაყიდული კომპიუტერული ჩიპებიდან მიღებული შემოსავლის 15%-ს აშშ-ის მთავრობას გადასცემენ. ამის შესახებ Reuters-ი ამერიკის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
Nvidia-ისა და AMD-ის გადაწყვეტილებაზე თავდაპირველი ინფორმაცია Financial Times-მა გაავრცელა. გამოცემის ცნობით, ამერიკული მწარმოებლები დათანხმდნენ ფინანსურ შეთანხმებას, როგორც ჩინეთის ბაზარზე ექსპორტის ლიცენზიების მიღების პირობას, რომლებიც გასულ კვირას გაიცა. Nvidia შემოსავლის 15%-ს H20-ის ჩიპების, ხოლო AMD იმავე პროცენტს MI308-ის გაყიდვებიდან გაიღებს.
შეთანხმებასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ამ ეტაპზე არც ერთ მხარეს არ გაუკეთებია. Nvidia-ს წარმომადგენლების თქმით, კომპანია იცავს წესებს, რომლებსაც აშშ-ის მთავრობა მსოფლიო ბაზრებზე მათი მონაწილეობისთვის ადგენს. ცნობისთვის, ორშაბათს, საფონდო ბირჟების გახსნამდე Nvidia-სა და AMD-ის აქციების ფასი, შესაბამისად, 1.8%-ით და 3.3%-ით დაეცა.
Financial Times-ის წყაროს ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გადაუწყვეტია, თუ როგორ გამოიყენებს Nvidia-სა და AMD-ის გაყიდვებიდან მიღებულ თანხას. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთში H20-ჩიპების გაყიდვები აპრილში შეაჩერა, თუმცა გასულ თვეში ვაშინგტონმა გაყიდვების განახლება დააანონსა.
26 იანვრით დასრულებულ ფისკალურ წელს Nvidia-მ ჩინეთიდან $17 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც კომპანიის მთლიანი გაყიდვების 13%-ს შეადგენს. ჩინეთიდან AMD-ის მიღებულმა შემოსავალმა კი $6.2 მილიარდს მიაღწია, რაც მთლიანი შემოსავლის 24%-ია.