გამოცემა Reuters-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ისა და ევროპის სამხედრო სტრატეგებმა უკრაინისთვის ომის შემდგომ უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობა დაიწყეს. ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა, ომის ნებისმიერი სცენარით დასრულების შემთხვევაში, უკრაინის დახმარების პირობა დადო.
Reuters-ის ინფორმაციით, პენტაგონი ვაშინგტონს წარუდგენს გეგმას, რომელიც უკრაინისთვის, იარაღის მიწოდების გარდა, სხვა ტიპის დახმარებებსაც ითვალისწინებს. თუმცა, გამოცემის წყაროთა განცხადებით, ამერიკელ და ევროპელ სტრატეგებს დრო სჭირდებათ იმის დასადგენად, თუ რა ტიპის დახმარება იქნება სამხედრო თვალსაზრისით მისაღები კრემლისთვის.
არსებული ცნობებითვე, ერთ-ერთ ვარიანტად უკრაინაში ევროპული ძალების გაგზავნაც განიხილება, თუმცა აშშ-ის სარდლობის ქვეშ. როგორც წყაროები აღნიშნავენ, უკრაინაში ჯარები არა NATO-ს დროშის, არამედ საკუთარი ქვეყნების დროშების ქვეშ იქნებიან წარგზავნილნი. პენტაგონსა და NATO-ს ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის სპიკერმა განაცხადა, რომ შტატებს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის კოორდინაციაში დახმარების გაწევა შეუძლია.
უკრაინისთვის საჰაერო მხარდაჭერის გაწევის შესაძლებლობაზე Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტმა, თუმცა დახმარების ტიპი არ დაუკონკრეტებია: „რაც შეეხება უსაფრთხოებას, [ევროპელები] მზად არიან, ხალხი ადგილზე გაგზავნონ, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ მათ, განსაკუთრებით, ალბათ, … საჰაერო გზით, რადგან არავის აქვს ის, რაც ჩვენ გვაქვს“.
თუმცა ტრამპმა უკრაინაში აშშ-ის ჯარების განლაგება კატეგორიულად უარყო. უკრაინაში NATO-ს ჯარების განლაგების შემთხვევაში, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
Reuters-ის ცნობით, ოთხშაბათს, NATO-ს სამხედრო მეთაურები ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ, სადაც სწორედ უკრაინასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეხვედრას დაესწრება გენერალი დენ კეინიც – აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელი.