ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომწარმოებელი, BYD, 2028 წლიდან ევროპის ბაზარზე მხოლოდ ადგილობრივად წარმოებულ ელექტრომობილებს გაყიდის. ამის შესახებ გერმანიაში, მიუნხენში, IAA Mobility-ის ავტოშოუზე კომპანიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა სტელა ლიმ განაცხადა.
BYD ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ ელექტრომობილებს ორ ქარხანაში, უნგრეთსა და თურქეთში აწარმოებს. უნგრეთის ქარხანა ოპერირებას მიმდინარე წელს, თურქეთის კი 2026 წლიდან დაიწყებს. BYD, რომელიც თავდაპირველად ევროპაში მხოლოდ ელექტრომობილებით იყო წარმოდგენილი, ახლა ბაზარზე დამუხტვადი ჰიბრიდების (PHEV) გაშვებასაც აანონსებს.
ჩინური კომპანიის გეგმით, PHEV-ების გაყიდვები, მომდევნო 1-2 წელიწადში ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებს გადააჭარბებს. გარდა ამისა, BYD 2027 წლიდან ევროპის ბაზარს თავის ახალ, მდიდრული ავტომობილების ბრენდს, Yangwang-საც შესთავაზებს.
ევროპის ბაზარზე ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილებისა და PHEV-ების გაყიდვით, BYD ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფებისთვის გვერდის ავლას ცდილობს. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფი გასული წლის ოქტომბერში მაქსიმუმ 45.3%-მდე გაზარდა.
თუმცა კომპანიებისთვის დაწესებული ტარიფები, ბაზრის წილისა და სხვა ფაქტორების მიხედვით განსხვავებულია. მათ შორის, 17%-იანი გადასახადია გათვალისწინებული BYD-ისთვის.