რუსეთის რამდენიმე მსხვილი კომპანია ჩინური „პანდა“-ობლიგაციების შეძენას განიხილავს

რუსეთის რამდენიმე მსხვილი კომპანია ჩინური „პანდა“-ობლიგაციების შეძენას განიხილავს

რუსეთის რამდენიმე მსხვილი კომპანია, მათ შორის ბირთვული კორპორაცია „როსატომი“ და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ნავთობკომპანია „გაზპრომი“, ე.წ. „პანდა“-აქტივების შესყიდვას გეგმავენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, რუსული კომპანიები დასავლეთის კაპიტალის ბაზრებს მოწყვეტილნი არიან, რაც მათ ამერიკული დოლარისა და ევროს ნაცვლად ჩინურ იუანში ინვესტიციისკენ უბიძგებს. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ოფიციალური ვალუტის ნაცვლად, რუსული კომპანიები ჩინეთიდან იუანის სესხებას იწყებენ.

თუმცა, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს, რუსეთის ფინანსთა  სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რუსული მხარე იუანში დენომინირებული სუვერენული ობლიგაციების გამოშვებას  რუსეთში განიხილავს და არა ჩინეთის ბაზარზე. შედეგად, „პანდა“-ობლიგაციების შეძენას დაინტერესებული ინვესტორები პირდაპირ რუსეთიდან შეძლებენ, რაც მოსკოვის ჩინურ ბაზარზე დამოკიდებულებასაც შეამცირებს.

Financial Times-ის ინფორმაციით, ჩინეთის გადაწყვეტილება, ხელახლა გახსნას შიდა ობლიგაციების ბაზარი რუსული ენერგეტიკული კომპანიებისთვის, რუსეთსა და ჩინეთს შორის „შეზღუდვების გარეშე“ პარტნიორობის გაღრმავების გადაწყვეტილებას უკავშირდება. გასულ კვირას, პეკინში ვიზიტისას, პრეზიდენტმა პუტინმა „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებისთვის ერთობლივი ფინანსური ინფრასტრუქტურის შექმნის შესაძლებლობაზეც ისაუბრა.

გარდა ამისა, გასულ პარასკევს, ჩინურმა სარეიტინგო სააგენტო CSCI Pengyuan-მა „გაზპრომს“ ყველაზე მაღალი, AAA რეიტინგი მიანიჭა. ეს შეფასება კი რუსულ კომპანიას ჩინეთის შიდა ობლიგაციების ბაზარზე გზას უხსნის. ჩინეთში იუანში დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებისთვის ემზადება „როსატომიც“.

ცნობისთვის, ე.წ. „პანდა“-აქტივები, იგივე RMB, იუანში დენომინირებული ობლიგაციებია, რომლებიც გარე ქვეყნების მთავრობებისა და კომპანიების მიერ ჩინეთის შიდა ობლიგაციების ბაზარზეა გამოშვებული და სტრატეგიული დაფინანსების ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს. Deutsche Bank-ის მონაცემებით, „პანდას“ ობლიგაციების ბაზარმა, 2023 და 2024 წლებში რეკორდული ზრდა დააფიქსირა და 200 მილიარდ იუანს (დაახლოებით 24 მილიარდი ევრო) მიაღწია.