ალბანეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტით შექმნილი მინისტრი ჰყავს. AI-მინისტრი სახელად, „დიელა“, რაც ალბანურად „მზის სხივს“ ნიშნავს, სახელმწიფო შესყიდვებს უხელმძღვანელებს.
ხელოვნური ინტელექტის მინისტრად დანიშვნის შესახებ განცხადება ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ გააკეთა. Politico-ს ინფორმაციით, რამა ჯერ კიდევ ზაფხულში აცხადებდა, რომ ერთ დღეს, ალბანეთს შესაძლოა ციფრული ან AI-ით შექმნილი პრემიერ-მინისტრი ჰყოლოდა, მაგრამ ცოტა თუ მოელოდა, რომ ეს დღე ასე სწრაფად დადგებოდა.
მთავრობის ახალი ციფრული წევრი რამამ 11 სექტემბერს, სოციალისტური პარტიის ყრილობაზე, მთავრობის ახალ კაბინეტთან ერთად წარადგინა. „დიელა პარლამენტის პირველი წევრია, რომელიც ფიზიკურად არ არსებობს, არამედ ვირტუალურად, ხელოვნური ინტელექტითაა შექმნილი“, – განუცხადა მან პარტიის წევრებს.
რამას ინფორმაციითვე, დღეიდან, ტენდერებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები „სამინისტროს გარეთ იქნება მიღებული“ და „დიელას“ ხელში გადავა. „დიელა“ ტენდერებს შეაფასებს და უფლება ექნება, „დაასაქმოს ნიჭიერი ადამიანები მთელი მსოფლიოდან“.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პროცესი „ეტაპობრივად“ წარიმართება, მაგრამ ალბანეთი იქნება ქვეყანა, სადაც სახელმწიფო ტენდერები „100%-ით დაცული იქნება კორუფციისგან და ყველა საჯარო ფონდი, რომელიც ტენდერებთან დაკავშირებულ პროცედურას გადის, 100%-ით გამჭვირვალე გახდება“.
„დიელა“ ალბანეთში მცხოვრები პირებისთვის e-Albania პლატფორმის საშუალებით უკვე ხელმისაწვდომია. ეს პლატფორმა ალბანეთის მოქალაქეებისთვის თითქმის ყველა სამთავრობო სერვისზე ციფრულ წვდომას უზრუნველყოფს. „დიელას“ საკუთარი ავატარიც აქვს, რომელიც ტრადიციულ ალბანურ სამოსში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალად გვევლინება.