ტრამპი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების სანაცვლოდ, NATO-სგან რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას ითხოვს

ტრამპი რუსეთისთვის სანქციების გამკაცრების სანაცვლოდ, NATO-სგან რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები მზადაა, რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესოს, თუმცა სანაცვლოდ, NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან იმავეს გაკეთებას და რუსული ნავთობის შესყიდვის სრულად შეწყვეტას ითხოვს. გარდა ამისა, ტრამპმა ალიანსის წევრ ქვეყნებს უკრაინის ომის დასრულებამდე ჩინეთისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესებისკენაც მოუწოდა.

„მზად ვარ, რუსეთს დავუწესო მკაცრი სანქციები მაშინ, როდესაც NATO-ს წევრი ყველა ქვეყანა დათანხმდება იმავეს და მოქმედებას დაიწყებს. და როდესაც ნატოს ყველა წევრი სახელმწიფო შეწყვეტს რუსული ნავთობის შესყიდვას“, – ვკითხულობთ ტრამპის მიერ Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

აშშ-ის პრეზიდენტის პროგნოზით, NATO-ს ქვეყნების მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, ჩინეთისთვის ტარიფების 50%-დან 100%-მდე ზრდასთან ერთად, „ამ სასიკვდილო, უაზრო ომის დასრულების პროცესს „დიდ დახმარებას გაუწევს“. იმავე პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ ჩინეთს რუსეთზე ძლიერი გავლენა და კონტროლი აქვს და მკაცრი ტარიფები ამ გავლენას გაარღვევს. გაზრდილი ტარიფები კი უკრაინის ომის დასრულებისთანავე მოიხსნება.

„ეს არ არის ტრამპის ომი (ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში ის არ დაიწყებოდა), ეს ბაიდენის და ზელენსკის ომია. მე მხოლოდ მის დასრულებას და ათასობით რუსისა და უკრაინელის სიცოცხლის გადარჩენას ვცდილობ (მხოლოდ გასულ კვირაში 7118 ადამიანი დაიღუპა, სიგიჟეა!). თუ NATO ჩემს მითითებებს შეასრულებს, ომი სწრაფად დასრულდება და ათასობით სიცოცხლე გადარჩება. სხვა შემთხვევაში, თქვენ უბრალოდ ჩემს დროს, შეერთებული შტატების დროს, ენერგიასა და ფულს ხარჯავთ“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 2023 წლიდან NATO-ს წევრი თურქეთი რუსული ნავთობის სიდიდით მესამე შემსყიდველია, ჩინეთისა და ინდოეთის შემდეგ. აგვისტოში რუსული წიაღისეული საწვავის უმსხვილეს იმპორტიორთა შორის კი უნგრეთი, სლოვაკეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ბელგია იყვნენ.