Forbes-ის შეფასებით, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ოფიციალურად მილიარდერია

Forbes-ის შეფასებით, ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ოფიციალურად მილიარდერია

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიძე, 44 წლის ჯარედ კუშნერი ოფიციალურად Forbes-ის მილიარდერთა შორისაა. ამერიკული გამოცემის შეფასებით, ივანკა ტრამპის ქმარი $1 მილიარდზე მეტის ღირებულების ქონებას ფლობს. კუშნერის სიმდიდრის ზრდა უმეტესად სააქციო კაპიტალის ფირმა Affinity Partners-ზე მოდის, რომელიც ამერიკელმა ინვესტორმა 2021 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ დააარსა.

თავად კუშნერი Affinity-ის „საუკეთესო ინვესტიციად“ 2024 წლის შუა პერიოდში, ისრაელში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანია Phoenix-ის თითქმის 10%-იანი წილის შეძენას აფასებს. გარიგების ღირებულებამ $250 მილიონი შეადგინა. ამერიკელი ბიზნესმენის შეფასებით, Phoenix-მა ამ დრომდე კომპანიაში ჩადებულ ინვესტიციაზე 9-ჯერ მეტის შემოსავალი მოტანა.

მარტში გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, Affinity სულ მცირე $4.8 მილიარდის აქტივებს მართავს. კუშნერი Affinity-ის 100%-იან წილს ფლობს, რომლის ღირებულებაც Forbes-ის შეფასებით, ოქტომბრის $170 მილიონის შემდეგ, $215 მილიონამდეა გაზრდილი. ეს Affinity-ს ამერიკელი ინვესტორის მეორე უმსხვილეს აქტივად აქცევს – Kushner Companies-ის 20%-იანი წილის შემდეგ, რომელიც $560 მილიონის ღირებულებისაა.

Affinity-ის ინვესტიციებს შორისაა 8%-იანი წილი გაერთიანებული სამეფოს ციფრულ ბანკ OakNorth-ში, ასევე 2024 წლის ივლისიდან აპრილის პერიოდში, აშშ-ის დისტრიბუტორ QXO-ში $350 მილიონის ინვესტიცია, საიდანაც კომპანიამ 98%-იანი მოგება უკვე მიიღო.

Forbes-ის მილიარდერთა რიგებშია ჯარედ კუშნერის ძმაც, ვენჩურული კაპიტალის ფირმა Thrive Capital-ის დამფუძნებელი ჯოშ კუშნერიც. მისი ქონების ღირებულება $5.2 მილიარდს აღწევს. Forbes-ის რეიტინგშია დონალდ ტრამპიც – $7.3 მილიარდით. შეგახსენებთ, რომ ჯარედ კუშნერი, ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას, მისი უფროსი მრჩეველი იყო.