მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს გადააჭარბა

მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამაც $500 მილიარდს გადააჭარბა

Tesla-სა და SpeceX-ის აღმასრულებელი დირექტორი, ილონ მასკი, მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების  ღირებულებამაც $500-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. პირველი ოქტომბრის მონაცემებით, ამერიკული Forbes-ის რეიტინგში, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ქონება ნახევარ ტრილიონ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ამჟამინდელი მაჩვენებლით მცირედით შემცირებულია და $499.1 მილიარდს უტოლდება.

ოთხშაბათს, აშშ-ის დროით 15:30 საათისთვის, Tesla-ს აქციების ღირებულება თითქმის 4%-ით გაიზარდა. შედეგად, მასკის ქონებას $9.3 მილიარდამდე შეემატა. ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის გაორმაგდა მას შემდეგ, რაც მასკმა კომპანიის აპრილის შემოსავლების გამოქვეყნებისას განაცხადა, რომ ის პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას და DOGE-ს ტოვებდა. გადაწყვეტილების მიზეზად მან Tesla-სთვის მეტი დროის დათმობა დაასახელა. ამჟამად, Tesla-ში მასკის 12%-იანი წილი $191 მილიარდის ღირებულებისაა.

თუმცა ელექტრომობილების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია არაა, რომელსაც მასკის სიმდიდრის ნახევარ ტრილიონ დოლარამდე გაზრდაში მიუძღვის წვლილი. SpaceX-ის ღირებულება ამჟამად $400 მილიარდს უტოლდება, კომპანიაში მასკის 42%-იანი წილი კი $168 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის საკუთრებაშია xAI Holdings-ი, რომელიც მარტში, ხელოვნური ინტელექტის კომპანია xAI-ისა და სოციალური მედიის კომპანია X-ის გაერთიანებით დაარსდა. გარიგების თანახმად, xAI Holdings-ის ღირებულება $113 მილიარდია, საიდანაც მასკი $60 მილიარდად შეფასებულ $53%-იან წილს ფლობს.

ცნობისთვის, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი პირველად 2021 წლის იანვარში გახდა, დაახლოებით $190 მილიარდის ღირებულების ქონებით. 2021 წლის სექტემბერში, მასკი რიგით მესამე ადამიანიც გახდა, რომლის სიმდიდრემაც $200 მილიარდს გადააჭარბა (Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსისა და LVMH-ის თავმჯდომარის ბერნარ არნოს შემდეგ). მასკის ქონებამ 2021 წლის ნოემბერში $300 მილიარდს მიაღწია, ხოლო 2024 წლის დეკემბერში – $400 მილიარდს.

ილონ მასკი გასული წლის დეკემბერში ასევე პირველი ადამიანი იყო, რომლის ქონების ღირებულებამაც $400 მილიონს მიაღწია. ახლა კი, Forbes-ის რეიტინგში ის $150 მილიარდით უსწრებს მეორე ადგილზე მყოფ ლარი ელისონს. Oracle-ის დამფუძნებელი და CTO  $350.7 მილიარდის ქონებას ფლობს. მესამე ადგილზე Meta-ს დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგია, რომლის ქონება $245.8 მილიარდს შეადგენს.