რეიტინგი: ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები

რეიტინგი: ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების მმართველი კომპანიები

გთავაზობთ უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიების რეიტინგს მათი ღირებულების მიხედვით.

საქართველოში უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია.  უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების წილი მთლიან ეკონომიკაში საშუალოდ 9.5%-ია. სექტორის საქმიანობა ძირითადად სავაჭრო მოლებში და ბაზრობებზე მართვას – კომერციული ფართების გაქირავებს მოიცავს. 2023 წლის მდგომარეობით, აღნიშნულ სექტორში ყველაზე მსხვილი ათი კომპანიის ჯამური ღირებულება ორი მილიარდი ლარი იყო. 

1. აი ჯი დეველოფმენტი (₾ 718.9 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 142.4 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 296.2 მლნ

კომპანია 2010 წელს დაფუძნდა, რომლის მთავარი საქმიანობა ქონების მართვა და კომერციული ფართების იჯარით გაცემაა სამ სავაჭრო ცენტრში, ესენია: „სითი მოლ ქავთარაძე“, „სითი მოლ ვაჟა-ფშაველა“, „სითი მოლ გლდანი“ და ბიზნესცენტრი „სითი თაუერი“.

2. ლილო მოლი (₾ 354.5 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 113.4 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 187.0 მლნ

კომპანიის ძირითადი საქმიანობაა ლილოს ტერიტორიაზე საიჯარო მომსახურება და ბაზრობის მოწყობა. შპს „ლილო მოლი“ 1995 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ამ პერიოდიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე.  

3. ისთ ფოინთი (₾ 277.1 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 34.6 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 168.7 მლნ

შპს CBD Development-ი 2010 წელს საქართველოში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ფლობს სავაჭრო ცენტრს – „ისთ ფოინთსა“ და კომერციულ უძრავ ქონებას დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი მაგისტრალის კვეთაზე.   

4. გალერია თბილისი (₾ 234.2 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 2.2 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 151.9 მლნ

შპს „გალერია თბილისი“ 2008 წელს დაარსდა, რომლის საქმიანობაა ქონების მართვა და კომერციული სივრცეების იჯარით გაცემა მის საკუთარ თანამედროვე მრავალფუნქციურ სავაჭრო მოლში – „გალერია თბილისში“.

5. თბილისი მოლი (₾ 125.2 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 79.4 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 119.0 მლნ

შპს „რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტი“ 2008 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა გულისხმობს საცალო ვაჭრობის და დასასვენებელი კომერციული ფართების უზრუნველყოფას თბილისში (დიღომი) სავაჭრო მოლსა და გასართობ კომპლექსში.

6. დეზერტირების ბაზარი (₾ 115.0 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 1.0 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 28.1 მლნ

შპს „თბილისი მოლი“ 2007 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე აწყობს ეგრეთ წოდებულ დეზერტირების ბაზრობას და აქირავებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

7. თი ელ ჯი (₾ 83.2 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 14.2 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 64.8 მლნ

შპს „თი ელ ჯის“ ძირითადი საქმიანობა უძრავი ქონების გაქირავება და დასრულებული კომერციული ფართებისა და საცხოვრებელი ბინების ყიდვა-გაყიდვაა. კომპანია ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.  

8. თბილისი ცენტრალი (₾ 40.2 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 10.5 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 55.9 მლნ

2006 წელს შეიქმნა სააქციო საზოგადოება „თბილისი ცენტრალი“, რომელმაც ამავე წელს 49-წლიანი იჯარით მიიღო თბილისის რკინიგზის სადგურის შენობა, სადაც მოაწყო სავაჭრო ცენტრი. მისი საქმიანობა სწორედ ამ ცენტრის მართვას უკავშირდება. 

9. GEORGIAN HUASHUN INT. INDUSTRIAL INVESTMENT (₾ 31.3 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ – 90.8 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 19.5 მლნ

GEORGIAN HUASHUN INTERNATIONAL INDUSTRIAL INVESTMENT GROUP 2009 წელს ქუთაისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა საკუთრებაში არსებული ქონების გაქირავებაა.

10. გამოფენების ცენტრი (₾ 22.5 მლნ)

2019-23 წლების მოგება: ₾ 37.9 მლნ

2019- 23 წლების ამონაგები: ₾ 26.5 მლნ

სს „გამოფენების ცენტრი“ ერთ-ერთი ყველაზე ძველი კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა გამოფენების, ბაზრობებისა და მარკეტინგული ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარებაა. აღნიშნულს კომპანია ახორციელებს Expo Georgia-ს საფირმო ნიშნით.

 

დასახელებაღირებულება (₾ მლნ)მესაკუთრე
აი ჯი დეველოფმენტი                                 718.9 მინდია საბანაძე (100%)
ლილო მოლი                                354.5 გია ანდღულაძე (14.28%), გიორგი გაგუა (11.28%), დავით გავაშელი (7.14%), მარიკა გავაშელი (7.14%)  და სხვები
ისთ ფოინთი                                277.1 ოლეგ პავლოვი (100%)
გალერია თბილისი                                234.2 ეკატერინე ხვედელიძე (100%)
თბილისი მოლი                                125.2 არაბთა გაერთიანებულ საამიროში რეგისტრირებული კომპანია (100%)
დეზერტირების ბაზარი                                115.0 ხვიჩა მაქაცარია (26%), კონსტანტინე ნატროშვილი (20%), ილონა მეტრეველი (10%) და ოფშორული კომპანია (44%)
თი ელ ჯი                                  83.2 ბექა სურამელი (100%)
თბილისი ცენტრალი                                  40.2 მამუკა ხაზარაძე (?), ბადრი ჯაფარიძე (?) , ბობ მეიერი (?) და სხვები
GEORGIAN HUASHUN INT.  INDUSTRIAL INVESTMENT                                  31.3 ფან ლისინ (?), მი ენჰუა (?) და ფა განგ ( ?) 
გამოფენების ცენტრი                                  22.5 კახაბერ გველესიანი (24.58%), ამირან ბურჭულაძე (22.58%), დავით ახვლედიანი (12.75%), თეიმურაზ ჩიხლაძე (12.75%) და სხვები

 

მეთოდოლოგია

კომპანიის ღირებულების შეფასებისთვის გამოყენებულია EV/EBITDA მიდგომა. კერძოდ, კომპანიის ღირებულება გამოთვლილია საოპერაციო მოგებას (ვალის მომსახურების ხარჯი, გადასახადები, ცვეთა და ამორტიზაცია) და განვითარებულ ეკონომიკების ცალკეული ინდუსტრიებისთვის გაანგარიშებული მულტიპლიკატორის ნამრავლით, რომელსაც შემდეგ აკლდება კომპანიის წმინდა ვალი. საბოლოოდ მიღებული სიდიდე განხილულია, როგორც კომპანიის ღირებულება. იმ შემთხვევაში, როცა კომპანიას საოპერაციო ზარალი აქვს (უარყოფითი მაჩვენებელი) და შემოსავლების დინამიკა იძლევა მომავალში მოგების მიღების პერსპექტივას, ღირებულების შესაფასებლად ვიყენებთ EV/Sales-ის მიდგომას. კერძოდ, კომპანიის ამონაგებსა და მულტიპლიკატორს შორის ნამრავლს ვაკლებთ წმინდა ვალების მოცულობას.  

კომპანიების ღირებულების შეფასება და რეიტინგის მომზადება ეფუძნება მათი 2023 წლის ფინანსურ ანგარიშებს, რომელთა წყარო  ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან, საკუთარი ვებგვერდიდან და სხვა საჯარო წყაროებიდან. კომპანიის რეგისტრაციისა და მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან (19.06.2025 მდგომარეობით ხელმისაწვდომი). მოგება წარმოდგენილია გადასახადებამდე. კომპანიების შერჩევა ეფუძნება შემდეგ რეიტინგებს: „უძრავი ქონების მმართველი უმსხვილესი კომპანიები“, „100 ყველაზე ძვირადღირებული ქართული კომპანია“ და „საქართველოს 100 ყველაზე შემოსავლიანი კომპანია“.