სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ასად ალ-შაიბანის ინფორმაციით, ნოემბერში სირიის პრეზიდენტი აჰმად ალ-შარაა აშშ-ს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა და პრეზიდენტ ტრამპთან სირიის რეკონსტრუქციის საკითხებს განიხილავს.
აჰმად ალ-შარაას აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია წინა დღით აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ტომ ბარაკმაც გაავრცელა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ვიზიტი დაახლოებით 10 ნოემბრისთვის შედგება.
„მაგიდაზე მრავალი საკითხი იქნება, მათ შორის: სანქციების მოხსნა და აშშ-სა და სირიას შორის ურთიერთობის ახალი თავის დაწყება. ჩვენ გვინდა, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორობას ჩავუყაროთ საფუძველი“, – განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით აქამდე სირიის არც ერთი ლიდერი არ გამგზავრებულა. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აჰმად ალ-შარაამ მსოფლიოს გაეროს გენერალური ასამბლეიდან მიმართა.
ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დამხობისა და ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, სირიის ახალმა ლიდერმა, აჰმად ალ-შარაამ (წარსულში მუჰამად ალ-ჯულანიმ) მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ოფიციალური ვიზიტი გამართა, რისი მიზანიც დასავლურ და არამხოლოდ დასავლურ ქვეყნებთან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებაა.
წლების განმავლობაში სამოქალაქო ომში მყოფ ქვეყანას რეკონსტრუქციისა და ეკონომიკური აღმშენებლობისათვის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება სჭირდება. ამ მიზნით ალ-შარაას მთავრობა მოლაპარაკებებს თითქმის ყველა ძლიერ სახელმწიფოსთან მართავს. გასულ თვეს სირიის პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონსაც ეწვია. მოგვიანებით კი შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთანაც გამართა. ალ-შარაა რამდენიმე თვის წინ შეხვდა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსაც.
შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და გაერომ სირიისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის პროცედურებიც დაიწყო.

















