აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და უზბეკეთმა მნიშვნელოვან სავაჭრო და ეკონომიკურ შეთანხმებას მიაღწიეს. კერძოდ, უზბეკეთი მომდევნო სამი წლის განმავლობაში აშშ-ის სხვადასხვა სექტორში $35 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში კი $100-მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს.
საინვესტიციო შეთანხმების გარდა, ორ ქვეყანას შორის მომსახურებასთან დაკავშირებით კონტრაქტებიც გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, ამერიკული კომპანიები უზბეკეთის დაკვეთითა და დაფინანსებით ცენტრალური აზიის სახელმწიფოში რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს შეასრულებენ.
დონალდ ტრამპსა და უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოიევს შორის შეხვედრა თეთრ სახლში, „C5+1” სამიტის ფარგლებში შედგა. აღნიშნული სამიტი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებული დიპლომატიური ღონისძიებაა, რომელიც 2015 წელს ჩამოყალიბდა. სამიტის ფარგლებში ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, უზბეკეთისა და შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვადასხვა საკითხზე კონსულტაციებს მართავენ. ამჯერად სამიტს აშშ-ის პრეზიდენტმა უმასპინძლა.
როგორც წესი, სამიტზე ისეთი რეგიონული საკითხები განიხილება, როგორებიცაა შუა დერეფნის ინიციატივა, ავღანეთის ომი, სირიის სამოქალაქო ომი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკული პოტენციალი, ნარკოტიკებითა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა სავაჭრო თუ პოლიტიკური თემები.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უზბეკური ინვესტიციები აშშ-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან სექტორებში, კრიტიკულ მინერალებში, ავიაციაში, საავტომობილო ნაწილებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკულ სექტორში, ქიმიკატებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიებში განხორციელდება.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავაჭრო და ეკონომიკური შეთანხმებების გარდა, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა აშშ-სა და უზბეკეთს შორის სტარტეგიული პარტნიორობის გაძლიერებაზე, პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებასა და კულტურულ-ჰუმანიტარული თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
















