სირიის პრეზიდენტ აჰმად ალ-შარაასთან შეხვედრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სირია წარმატებული გახადოს. მოგეხსენებათ, სირიის პრეზიდენტი ამერიკელ კოლეგასთან შესახვედრად ვაშინგტონში იმყოფებოდა.
ცნობისათვის, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ აშშ-ს აჰმად ალ-შარაა, იგივე მუჰამად ალ-ჯულანი ტერორიზმის ბრალდებით სანქცირებული ჰყავდა და მასზე ინფორმაციისთვის ჯილდოც იყო დაწესებული.
ასადების დინასტიის 50-წლიანი მმართველობის დასრულების შემდეგ, აჰმად ალ-შარაამ დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის გადაწყვეტილება მიიღო და ამ მიზნით წელს ბევრ უცხოელ ლიდერს შეხვდა. გასულ თვეს ალ-შარაა სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზეც. წარსულში რამდენიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრისა და ამჟამად პოლიტიკოსის მიზანი სირიისთვის საერთაშორისო კავშირების აღდგენა და, შესაბამისად, ქვეყნის რეკონსტრუქციისთვის მხარდაჭერის მოპოვებაა.
სირიის პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტისა და ტრამპთან შეხვედრის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი აშშ-ის მიერ სირიისთვის დაწესებული მძიმე სანქციების სრულად მოხსნა იყო. ტრამპთან შეხვედრის პარალელურად, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად სირიისთვის დაწესებული ე.წ. „კეისრის“ სანქციების შეჩერება კიდევ 180 დღით გახანგრძლივდა. სანქციების სრულად მოხსნის შესაძლებლობა მხოლოდ აშშ-ის კონგრესს აქვს.
აჰმად ალ-შარაა ტრამპს ექვსი თვის განმავლობაში უკვე მეორედ შეხვდა. პირველად მათი შეხვედრა საუდის არაბეთში შედგა, სადაც ტრამპმა სანქციების მოხსნის შესახებ განცხადება პირველად გაავრცელა. ამჯერად კი სირიის პრეზიდენტი აშშ-ის დედაქალაქს ეწვია.
ტრამპმა სირიის პრეზიდენტს ძლიერი ლიდერი უწოდა და მხარდაჭერა აღუთქვა. „ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სირიას წარმატება მოუტანოს“ – განაცხადა მან. აშშ-ის პრეზიდენტმა აჰმად ალ-შარაას წარსულზეც ისაუბრა. „წარსულში სირთულეები ყველას გვქონია“, – აღნიშნა ტრამპმა.
















